კობი ბრაიანტის ცხოვრება ფოტოებში
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული მოთამაშე, 41 წლის კობი ბრაიანტი ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის შვილი ჯანა ბრაიანტი და კიდევ შვიდი ადამიანი, რომელიც ვერტმფრენში იყო.
კალათბურთის სამყაროში ბრაიანტს "შავი მამბა" შეარქვეს. მთელი კარიერა მან ლეიკერსში ითამაშა, დიდი სპორტიდან კი 2016 წელს წავიდა. 20 სეზონის განმავლობაში მან ჩემპიონის ხუთი ტიტული მოიპოვა და აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი. როდესაც ბრაიანტმა სპორტული კარიერა დაასრულა, ლეიკერსმა მისი სათამაშო ნომრები 8 და 24 მოხმარებიდან ამოიღო.
2018 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციისთვის ბრაიანტმა ოსკარი მოიპოვა. ანიმაცია დაფუძნებულია ლექსზე "ძვირფასო კალათბურთო", რომელიც სპორტსმენმა 2015 წელს დაწერა.
ბრაიანტსა და მის ცოლს ვანესას სულ ოთხი შვილი ჰყავდათ. ორი თვის წინ კი მათ ქორწინების 20 წლისთავი აღნიშნეს.
"შავი მამბას" დაღუპვას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა. კალათბურთის სამყარო საუკეთესო მოთამაშის გარდაცვალებას გლოვობს.
კომენტარები