ნახეთ ბაქტერიების ურთიერთქმედებით მიღებული უნიკალური ფორმები
ეშერიხია კოლი საკმაოდ გავრცელებული ბაქტერიაა, რომელსაც ლაბორატორიაში წებოვან ზედაპირზე — აგარზე ზრდიან. ამ ბაქტერიის ზრდა არც ისე სახალისო სანახავია, რადგან ის ძირითადად აგარზეა მიჯაჭვული და დიდ ფართობს იშვიათად ფარავს. თუმცა, თუ ეშერიხია კოლისთან აცინეტობაქტერ ბაილის მოათავსებთ, ლამაზი სანახაობის შემსწრენი გახდებით.
აცინობაქტერს თმის მსგავსი საცეცები აქვს, რომლითაც ის ეშერიხია კოლს "განდევნის", თუმცა კოლი აგართან მიმაგრებას ჯიუტად ცდილობს. შედეგად კი ვიღებთ სანახაობრივ, ყვავილისმაგვარ ფორმას, სადაც ორი საპირისპირო თვისების ბაქტერია ერთმანეთში ირევა. აგარზე იმ ადგილებში, სადაც აცინეტობაქტერ ბაილი უფრო ჭარბადაა, "გარღვევები" წარმოიქმნება.
ორი ბაქტერიის ერთ გარემოში აღმოჩენისას, რეაქცია სწრაფად იწყება და ბაილი "გაქცევას" მომენტალურად ცდილობს. ერთ უძრავ გარემოში ორი განსხვავებული თვისებების მქონე ნივთიერებების აღმოჩენის შედეგად სპონტანური მოძრაობა იწყება და კანონზომიერების მქონე ფორმებს ვიღებთ.
მკვლევარებმა დეტალურად გამოიანგარიშეს ორი ბაქტერიის ურთიერთქმედებისას როგორი ფორმების წარმოქმნაა შესაძლებელი. კონკრეტულ ფორმას მეტწილად ორი ბაქტერიის კონცენტრაციის შეფარდებები განსაზღვრავს. მსგავსი გამოთვლებით, მეცნიერები ხსნიან რა ტიპის ქიმიურ რეაქციებს შეუძლიათ ეგრედწოდებული ტურინგის კანონზომიერების წარმოქმნა.
1952 წელს, ინგლისელმა მათემატიკოსმა ალან ტურინგმა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი სტატია "მორფოგენეზის ქიმიური საფუძველი", სადაც მან ახსნა, როგორ წარმოიქმნება კანონზომიერი ფორმები ბუნებაში. ამ უკანასკნელში იგულისხმება ყველაფერი, დაწყებული ზებრას ზოლებით, დამთავრებული ლეოპარდის კოპლებით.
სამყარო სავსეა მოულოდნელად აღმოცენებული სიმეტრიებით, ამ ფორმების შესწავლა კი უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ წარმოიქმნება ჩვენს გარშემო ასეთი მრავალფეროვნება.
კომენტარები