მეცნიერებმა დედამიწაზე არსებული უძველესი ნივთიერება აღმოაჩინეს
ჩვენს პლანეტაზე არსებული უძველესი ნივთიერება მეტეორიტის შიგნით იქნა აღმოჩენილი და იგი მთვარეზე, დედამიწაზე და მზის სისტემაზეც კი ძველია. კოსმოსური ქვა 50 წლის წინ ავსტრალიაში ჩამოვარდა.
მეტეორიტი ამოვსებულია უძველესი ვარსკვლავების მტვრის მიკროსკოპული ნაწილაკებით. Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნაწილაკები შვიდი მილიარდი წლისაა.
უძველესი ვარსკვლავური მტვრის ნაწილაკების დათარიღება NASA-ს ვოიაჯერ 1-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომელიც ამ პროცესისთვის საჭირო მონაცემებს 2012 წლიდან აგროვებს. აღმოჩენა უპრეცენდენტო მნიშვნელობისაა, რადგან ნივთიერება ერთგვარი დროის კაფსულაა იმ პერიოდიდან, როდესაც მზის სისტემა ჩამოყალიბებულიც კი არ იყო.
"ბუნებამ უნიკალური შანსი მოგვცა გამოგვეკვლია უძველესი ვარსკვლავური მტვრის ნაწილაკები, რაც დაგვეხმარება ჩვენი გალაქტიკის ისტორიის უკეთ შესწავლაში", — აღნიშნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა ფილიპ ჰეკმა.
ნაწილაკის ზომა სულ რაღაც რამდენიმე მიკრონს შეადგენს და მისი შემცველი მეტეორიტი ავსტრალიაში, კერძოდ კი მერჩისონში 1969 წელს ჩამოვარდა.
"მერჩისონის მოსახლეობამ მეტეორიტის ნაწილები შეაგროვა და ისინი მეცნიერებს წარუდგინა, მათ გარეშე არსებული კვლევების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა", — აღნიშნა ჰეკმა.
"ვარსკვლავური მტვერი ჩამოყალიბების შემდეგ რადიაციული წნევის შედეგად ვარსკვლავიდან ვარსკვლავთშორის სივრცეში იდევნება და გალაქტიკაში მოგზაურობას იწყებს. 4,6 მილიარდი წლის წინ ჩვენი მზის სისტემისა და მასში არსებული ციური სხეულების ფორმირების დროს, ამ სხეულებს სწორედ ეს კოსმოსური მტვერიც შეერია, რომელიც მზეზე ძველია", — განმარტავს ჰეკი.
თავიდან დედამიწა ასეთი ნაწილაკებით სავსე იყო, თუმცა გეოლოგიურმა პროცესებმა ისინი დედამიწის ქერქში ისე გაურია, რომ მათი პოვნა უკვე ძალიან რთულია. ნაწილაკები მზის სისტემის მეტეორების ხუთ პროცენტში შემორჩა. ნივთიერება დედამიწამდე რამდენიმე მეტეორიტმა მოიტანა, თუმცა მერჩისონის მეტეორიტი ერთადერთი იყო, სადაც ნაწილაკები იმდენად დიდები იყვნენ, რომ მათი დათარიღება გახდა შესაძლებელი.
ჰეკი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ ნაწილაკების მეშვეობით სხვა მრავალი აღმოჩენის გაკეთებას შეძლებენ. გუნდი ასევე კოსმოსური გამოსხივების შესახებ ვოიაჯერ 2-ის მიერ გამოგზავნილი მონაცემების გაანალიზებას გეგმავს.
კომენტარები