რამდენიმე დღის წინ CES 2020 დასრულდა. კონფერენციის ფარგლებში არაერთი კარგი და საყურადღებო ნივთი ვიხილეთ.

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა (CES) ყოველწლიური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომლის ფარგლებშიც ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები საზოგადოებას ტექნოლოგიისა და მეცნიერების სიახლეებსა და ინოვაციურ პროდუქტებს აცნობენ.

უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენცია წელს ისეთი შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა, როგორც შარშან. CES 2020-ზე ჭარბობდა კონცეფციები, ნივთები, რომლებმაც შეიძლება ვერსადროს იხილონ დღის სინათლე. ამ მხრივ თავი ყველაზე მეტად სონიმ გამოიჩინა და მაშინ, როდესაც დამსწრე საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა Sony Playstation 5-ს ელოდა, ამ უკანასკნელის მხოლოდ ლოგო წარადგინეს, სამაგიეროდ გამოაგორეს ელექტრო მანქანა, რომელზეც არავინ არაფერი იცოდა.

ახლა დროა CES-ის სხვა ღირსშესანიშნაობებზეც ვისაუბროთ და ისინი კატეგორიების მიხედვით დავახარისხოთ.

1. LENOVO THINKPAD X1 FOLD – საუკეთესო რამ, რაც CES 2020-ზე ვნახეთ

ფოტო: The Verge

ალბათ კეცვადი ლეპტოპისთვის ასეთი შეფასება ცოტათი გადამეტებულია. თუმცა მისი საუკეთესოდ დასახელებაც საბოლოოდ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ Lenovo აღმოჩნდა ერთადერთი კომპანია, რომელმაც პროდუქტის მონაცემები, მისი გამოსვლის თარიღი და ფასი (თუნდაც $2 499) გვანახა.

Lenovo-ს თქმით, LG-ს ეკრანზე, რომელსაც Thinkpad X1 Fold-ში ვხედავთ, 4 წელი მუშაობდნენ. კეცვადი ეკრანების მიმართ ჯერ მაინც სკეპტიკურად ვართ განწყობილები, თუმცა X1 Fold-ის პროტოტიპი ჯერ კიდევ მაისში იყო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური ჟურნალებისთვის და შესაძლებელია ლენოვოს მართლაც დაეხვეწა ის, როგორც ვიზუალური მხრით, ასევე გამძლეობითაც.

X1-ის ყველაზე დიდი მინუსი ალბათ ისაა, რომ უბრალო Windows 10-ზე მუშაობს, რაც ორეკრანიან ან კეცვადეკრანიან მოწყობილობებზე არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება, უფრო სწორად, ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს Windows 10.

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი ლეპტოპი Windows 10-ზე მუშაობდა, Lenovo დაგვპირდა, რომ გამოსვლის დროს ის Windows 10X-ზე იმუშავებს, რომელიც სწორედ ასეთი მოწყობილობებისთვისაა გათვლილი

2. ASUS ROG ZEPHYRUS G14 – საუკეთესო ლეპტოპი

ფოტო: ASUS

Asus ROG Zephyrus G14 ყველაზე ძლიერი გეიმინგ ლეპტოპი ნამდვილად არ იყო CES 2020-ზე, თუმცა ის, 14-ინჩიანი ეკრანისა და AMD-ს ახალი, Ryzen 4000 H სერიის პროცესორების საუკეთესო კომბინაცია აღმოჩნდა.

Zephyrus G14 გვთავაზობს იდეალურ ბალანსს დიზაინსა და სიმძლავრეს შორის, მის გამოყენებას, გარდა საოფისე საქმიანობისა, შეძლებთ სათამაშოდაც. მის შემადგენლობაში შედის ვიდეო დაფა RTX 2060 და 32 გეგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება. თუ ასუსს დავუჯერებთ, ლეპტოპი ერთი სრული დატენვით ათზე მეტი საათი იმუშავებს.

3. ALIENWARE CONCEPT UFO – საუკეთესო სათამაშო გაჯეტი

ფოტო: Forbes

Nintendo Switch-ის წარმატება, როგორც ჩანს, სხვა მწარმოებლებისთვისაც თვალშისაცემი აღმოჩნდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინტენდომ გეიმინგ სამყაროში პორტატიული მოწყობილობისა და კონსოლის ჰიბრიდის არსებობის აუცილებლობა დაამტკიცა. შესაბამისად, CES 2020-ზე, ჩვენთვის კარგად ცნობილმა Alienware-მა ახალი ჰიბრიდი წარადგინა — Concept UFO. ასეთი კონცეფცია სავარაუდოდ ბევრს დააინტერესებს, რადგან ნინტენდოსგან განსხვავებით ის Windows 10-ზე მუშაობს.

ვინაიდან და რადგანაც UFO ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, Alienware-ს მონაცემების შესახებ არაფერი უთქვამს და ჯერ ისიც არ ვიცით, რეალურად გამოვა თუ არა ასეთი ჰიბრიდი.

4. NUC 9 EXTREME Ghost Canyon – ყველაზე საინტერესო პერსონალური კომპიუტერი

ფოტო: Engadget

როგორც წესი, როდესაც საქმე ჩვენი პერსონალური კომპიუტერის შეცვლაზე ან განახლებაზე მიდგება ხოლმე, ვდგებით და ახალ კომპონენტებს ვყიდულობთ, ან თუ კი ამასაც აღარ აქვს აზრი, უბრალოდ ვდგებით და მთლიანად ახალ სისტემას ვაწყობთ.

Intel-ს სურს საქმე კიდევ უფრო "გაგვირთულოს" და CES 2020-ზე კომპაქტური, ახალი ტიპის სისტემა წარმოგვიდგინა. Ghost Canyon დღემდე არსებულ გეიმინგ კომპიუტერებთან შედარებით გაცილებით პატარაა და ის სპეციალური მოდულისგან შედგება, რომელშიც კომპიუტერის ძირითადი კომპონენტებია გაერთიანებული. ამ "ბირთვის" გამოცვლა და განახლება კი უბრალოდ ძველი მოდულის ახლით ჩანაცვლებითა შესაძლებელი.

NUC 9 პლატფორმა აითვისა Razer-მაც და მას მალევე შეუერთდება Cooler Master-იც.

5. SAMSUNG QLED BEZEL-LESS 8K – საუკეთესო ტელევიზორი

ფოტო: Samsung

Samsung 8K Q950 — ეს არის ტელევიზორი, რომელიც ერთი შეხედვით შეგიყვარდებათ. Samsung-მა აქცენტი ამჯერად ტელევიზორებზე გააკეთა და CES-ზე არაერთი საინტერესო სიახლეც გვანახა. ეს კონკრეტული მოდელი კი ნამდვილად გამორჩეულია, ტელევიზორს ფაქტობრივად არ აქვს ჩარჩოები და როდესაც გამოსახულებას რთავთ, ამ ჩარჩოების შემჩნევა კიდევ უფრო რთული ხდება. როგორც ჩანს, ტელევიზორი 4K გაფართოებითაც გამოვა, რაც ნამდვილად კარგია, 8K გამოსახულება დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ გამოუსადეგარია.

6. SONY PLAYSTATION 5-ის ლოგო – საუკეთესო ტროლი

2020 წელი სონისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება და ეს ყველამ იცის. წელს ახალი Playstation უნდა გამოვიდეს და ფანების უმეტესობა ამას CES 2020-ის ფარგლებში ელოდა, კონსოლის სრულ ვერსიას თუ არა, მონაცემების შესახებ რაიმე ინფორმაციას მაინც, როგორც ეს Microsoft-მა ერთი თვის წინ Xbox-ის შემთხვევაში გააკეთა.

ღონისძიების დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს სონი მართლაც აპირებდა რაიმე სიახლის გაჟღერებას Playstation 5-ის შესახებ, თუმცა ყველა იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა მხოლოდ და მხოლოდ ლოგო გვანახა. თანაც ის წინამორბედი PS4-ის ლოგოსგან არაფრით განსხვავდება, გარდა იმისა, რომ ოთხიანი ხუთიანით ჩანაცვლდა.

თუმცა გული არ უნდა გავიტეხოთ, Playstation 5-ს სავარაუდოდ Game Developers Conference-ზე ვიხილავთ, ან ის შეიძლება ივნისში E3-ზეც გამოჩნდეს.

7. SONY VISION-S — ყველაზე მოულოდნელი

ფოტო: The Verge

დიახ, არ გეჩვენებათ, მაშინ როდესაც ყველა Playstation 5-ს ელოდებოდა, სონიმ, არც მეტი, არც ნაკლები, ელექტრო მანქანა გამოაგორა. რამდენად ამბიციურად გამოიყურება ასეთი ნაბიჯი ტექნოლოგიური გიგანტისგან, თავად შეაფასეთ.

ამავე თემაზე:

8. AI მაცივრები — თუ თქვენს სახლში უკვე ყველა სხვა ნივთი ჭკვიანია

ფოტო: Samsung

როგორც უკვე ვახსენეთ, CES 2020 კონცეფციებით იყო დატვირთული, თუმცა AI მაცივრებზე აქამდე მაინც არავის უფიქრია. სწორედ ამიტომ სამსუნგმა და LG-მ ეს უკანასკნელები CES-ზე წარადგინეს.

ალბათ გაინტერესებთ რა შეუძლია ჭკვიან მაცივარს — ის შეგასხენებთ, რომ ყველი ან რძე გითავდებათ და მარაგი უნდა შეავსოთ, ან თუ კი თქვენი მაცივარი ნაირ-ნაირი ინგრედიენტებით აავსეთ, ის თავისით მიხვდება რისი გაკეთება შეიძლება ამ პროდუქტებით და საუკეთესო რეცეპტებს შემოგთავაზებთ.

9. MERCEDES-BENZ-ის მანქანა, რომელიც ფილმ Avatar-ით არის ინსპირირებული

ფოტო: THE DRIVE

მერსედეს-ბენცი CES 2020-ზე ნამდვილად შთამბეჭდავად წარსდგა. მანქანის კონცეფცია, რომელიც სცენაზე ვიხილეთ, ნამდვილად განსაცვიფრებელია და ერთი შეხედვით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის რამდენიმე ათეული წლით უსწრებს სამყაროს. ისევე, როგორც სხვა კონცეფციები, დღის სინათლეს უახლოესი წლების განმავლობაში, ვერც ეს უკანასკნელი იხილავს, მაგრამ მერსედესის მონდომება მაინც დასაფასებელია.

დიზაინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტითაა შექმნილი, სალონში გამოყენებული ტყავი კი ვეგანურია.

10. NETGEAR NIGHTHAWK MESH — საუკეთესო როუტერი

Wi-Fi 6 უკვე აქაა და ახალ iPhone-ებს მისი გამოყენებაც შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით მომხმარებელი მზადაა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტს ეზიაროს, თუმცა აქ არის ერთი პრობლემა, არ არსებობს ხელმისწავდომი Wi-Fi 6 როუტერები. ბაზარზე არსებული როუტერების ფასი დაახლოებით 400 დან 700 დოლარამდე მერყეობს, რაც ერთი როუტერისთვის, დამეთანხმებით, რომ არარეალური ფასია. სწორედ ამიტომ CES 2020-ზე Netgear-მა წარადგინა ახალი როუტერი Nighthawk Mesh, რომლის ფასიც $230 იქნება და ის მარტში გახდება ხელმისაწვდომი.

CES 2020, ასეა თუ ისე, მაინც საინტერესო გამოდგა, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ მომავალ წელს ნაკლებ კონცეფციებსა და მეტ რეალურ პროდუქტს ვიხილავთ.