ავსტრალიაში 10 000 მწყურვალ აქლემს მოკლავენ
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხრეთ ავსტრალიაში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. გვალვით დაზიანებულ რეგიონში, შესაძლოა, 10 000-მდე აქლემი მოკლან, რადგან ისინი წყლის ძიებაში მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებენ.
ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვარაუდი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ აქლემების დახოცვა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროცესში მონაწილეობას პროფესიონალი მსროლელები მიიღებენ.
"ამჟამინდელი გვალვის და აქლემების დიდი ჯგუფის გათვალისწინებით, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას საფრთხეს უქმნიან, მათი რაოდენობის კონტროლი აუცილებელია", — ნათქვამია ადგილობრივი მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგიონის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მარიტა ბეიკერის თქმით, მოსახლეობა აქლემების შემოტევას განიცდის.
"ჩვენ საშინელ სიცხესა და არაკომფორტულ პირობებში ვართ მოქცეული, აქლემები მოდიან და ანადგურებენ ღობეებს, ცდილობენ სახლებში შემოღწევას, წყლის მოპოვებას კონდინციონერებიდანაც კი ცდილობენ," — განაცხადა მან.
აღნიშნული რეგიონი სამხრეთ ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე მეჩხერად დასახლებული ტერიტორიაა, აქ სულ რაღაც 2 300 მოსახლე ცხოვრობს. ამჟამინდელი მონაცემებით ავსტრალიაში აქლემების რაოდენობა მილიონს სცდება და მათი პოპულაცია სწრაფად იზრდება.
მაღალი ტემპერატურით, რა თქმა უნდა, მხოლოდ აქლემები არ იტანჯებიან. გასულ თვეში გავრცელდა ვიდეო, სადაც კოალა ველოსიპედისტებს წყალს თხოვს.
ხანძრები ავსტრალიისთვის უცხო არ არის, თუმცა ბოლო წლებში მათი ინტენსივობა და მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავსტრალიაში სახეობების გადაშენების სიხშირე განსაკუთრებით მაღალია, მიმდინარე ხანძრების შედეგად კი სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება.
ამავე თემაზე:
კომენტარები