Huawei მომავალ წელს ჩინეთში 100 მილიონი 5G სმარტფონის გაყიდვას გეგმავს
ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელს სმარტფონების სამყაროში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ვინმე შეიძლება ამ მოსაზრებას შეეწინააღმდეგოს და, მაგალითად, დასაკეცი სმარტფონები ახსენოს, თუმცა ესეც არ იქნება სწორი, დასაკეც სმარტფონებს ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც 2019-მა წელმა მოგვიტანა, 5G ინტერნეტია, თუმცა აქაც საკმაოდ ბევრი პრობლემაა, 5G ქსელის დაფარვის ზონები ძალიან მცირეა. მეხუთე თაობის ქსელის ტალღებს წინაღობების გარღვევა უჭირთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ პატარა კედელსაც კი შეუძლია, რომ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე საგრძნობლად შეამციროს.
თუმცა უდავოა, რომ 5G ახლო მომავლის ტექნოლოგიაა და სწორედ ამიტომ ჩინური გიგანტი ჰუავეი 2020 წელს, მხოლოდ ჩინეთში, 100 მილიონი 5G სმარტფონის გაყიდვას გეგმავს.
ჭკვიანი კონდენსატორების მწარმოებელი კომპანიის, Taiyo Yuden Co-ს აღმასრულებელი დირექტორი შიოიჩი ტოსაკა აცხადებს, რომ 5G სადგურების დიდი შეკვეთა უკვე მიღებული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ჩინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც 5G ქსელით დაფარული ყველაზე დიდი არეალი ექნება.
ტოსაკა ვარაუდობს, რომ მთავარი დამკვეთები Huawei და ZTE იქნებიან, 100 მილიონი 5G სმარტფონის გაყიდვას კი მხოლოდ ჰუავეი შეძლებს, რაც დამეთანხმებით, რომ დიდი რიცხვია.
კომენტარები