ჩრდილოეთის ირემი (კარიბუ) განსაკუთრებით ცნობილია მისი ზომის და რქების გამო, რომლებიც სხეულის პროპორციებთან შედარებით უზარმაზარია. ზოგმა ისიც იცის, რომ ეს გასაოცარი ცხოველი საკვების ძიებაში უზარმაზარ მანძილს გადის.

ჩრდილოეთის ირმების ცნობადობის მიუხედავად, ბევრმა არ იცის, რომ ისინი საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ არქტიკის ეკოსისტემაში და მათზე ამ რეგიონის უამრავი მკვიდრია დამოკიდებული. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ჩრდილოეთ პოლუსთან მობინადრე კარიბუებს საფრთხე ემუქრებათ. 1990 წლიდან მოყოლებული მათი რაოდენობა 56 პროცენტით შემცირდა. ჩრდილოეთის ირმების დაახლოებით 4,7 მილიონიანი პოპულაციიდან დღეს მხოლოდ 2,1 მილიონია შემორჩენილი.

ჩრდილოეთის ირემი სოციალური ცხოველია, მათი დაჯუფებების ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზომაში შემცირება საგანგაშოა. ეროვნული ოკეანის და ატმოსფეროს ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ჯოგი ზომაში 90 პროცენტითაც კია შემცირებული.

ეკოლოგი დონ რასელის თქმით, ჩრდილოეთის ირმების პოპულაციის შემცირება, ზოგადად, არც ისე იშვიათი მოვლენაა, თუმცა ის აცხადებს, რომ მათი რაოდენობის ამ მასშტაბებით კლება განგაშის საფუძველს იძლევა.

ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთის ირემის პოპულაციის შემცირება მათზე ინტენსიური ნადირობითაა განპირობებული, ისევე როგორც მათთვის ხელმისაწვდომი საკვების შემცირებითა და მწვავე დაავადებების ეპიდემიებით, რომელთა წინააღმდეგაც ირმები უძლურნი არიან.

კვლევის მიხედვით, არქტიკაში დათბობა პარაზიტების და დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. უფრო თბილი ზამთრები, როგორც ჩანს, იწვევს თოვლიანობის ყინულოვანი წვიმებით ჩანაცვლებას, რაც კარიბუებისთვის გადაადგილებას და საკვების მოპოვებას ართულებს. 2013 წლის ზამთარმა რუსეთში 61 000 ირემი იმსხვერპლა.

ჩრდილოეთის ირმების პოპულაციის კლება სიმპტომატურია დანარჩენი ცხოველებისთვისაც. საერთაშორისო ველური ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოს გარშემო, 1970 წლიდან მოყოლებული, ცხოველთა პოპულაციები 60%-ით შემცირდა.

მსოფლიოს კლიმატი სწრაფად იცვლება. ცოცხალ ორგანიზმებს კი უჭირთ სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირე რაც ბევრი მათგანის ბედს საფრთხის წინაშე აყენებს. ჩრდილოეთის ირმები კი ადგილობრივი ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათი რაოდენობის კლებას რეგიონი აუცილებლად იგრძნობს.