ფინეთის ერთ-ერთ სანაპიროზე ყინულის ათასობით ბურთი მოგროვდა
ფინეთში ერთ-ერთი სანაპიროზე "ყინულის კვერცხების" დიდი რაოდენობა დააფიქსირეს. ექსპერტების თქმით, ამ ფენომენის ნახვა იშვიათად, მხოლოდ სპეციფიკურ გარემო პირობებში შეიძლება.
ფოტოები რისტო მატილამ გადაიღო, როდესაც ის ჰაილუოტოს კუნძულის ერთ-ერთ სანაპიროზე მეუღლესთან ერთად სეირნობდა, სწორედ ამ დროს წააწდნენ ისინი ყინულის ბურთებს, რომელიც სანაპიროზე დაახლოებით 30 მეტრის ფართობს ფარავდა.
"ყველაზე დიდი ზომის ბურთები დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის იყო. ეს საუცხოო სანახაობა იყო, რომლის მსგავსიც არასდროს მინახავს", — აცხადებს მატილა.
ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტი ჯოუნი ვაინიო აცხადებს, რომ ეს იშვიათი რამაა, თუმცა მისი ნახვა, საჭირო მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში წელიწადში დაახლოები ერთხელ შეიძლება.
"ამისთვის ჰაერის შესაბამისი ტემპერატურაა საჭირო (ნულზე ქვემოთ, ოღონდ ძალიან მცირედით), წყალი გაყინვის ზღვარზე უნდა იყოს, ქვიშიანი სანაპირო კი თანარად დახრილი. ასევე საჭიროა რაიმე, რაც ბირთვის ფუნქციას შეასრულებს. ბირთვი გარშემო ყინულს იკრებს და ტალღების მეშვეობით ნელ-ნელა სანაპიროზე გადაადგილდება, წარმოქმნილი ბურთის ზედაპირი სველდება, შემდეგ იყინება და ეს პროცესი მეორდება, საბოლოოდ ბურთი ზომაში იზრდება", — ამბობს ის.
ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეიმს კარტერის თქმით ამ ფენომენის სანახავად საუკეთესო დრო შემოდგომაა, სწორედ ამ დროს იწყებს წყლის ზედაპირი ნაწილობრივ გაყინვას.
პროცესის უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ყინულის პატარა ნაგლეჯი, რომელსაც ტალღები სანაპიროზე ზემოთ-ქვემოთ აგორავებს, ნაგლეჯი ამ დროს დამატებით ყინულს იკრებს და მოძრაობის გამო მრგვალდება, შედეგად კი ასეთ იშვიათ სანახაობას ვიღებთ.
კომენტარები