სატურნმა იუპიტერს აჯობა და ყველაზე მეტი თანამგზავრის მქონე პლანეტა გახდა
ასტრონომებმა სატურნის გარშემო კიდევ 20 პატარა თანამგზავრი დააფიქსირეს, რის შედეგადაც თანამგზავრების რაოდენობით სატურნმა იუპიტერს გადაასწრო.
ამის შედეგად, ახლა სატურნს 82 თანამგზავრი ჰყავს, იუპიტერს კი — 79.
"მათი პოვნა ამაღელვებელია. ეს თანამგზავრები პლანეტისგან ძალიან შორს არიან", — აცხადებს კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომი სკოტ შეპარდი. მისი თქმით, თითოეული ახალი თანამგზავრი სიგანეში დაახლოებით 5 კილომეტრია.
მეცნიერებმა ახალი თანამგზავრები მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ახალი ალგორითმებით ჰავაიზე, მაუნა-კეაზე არსებული ერთ-ერთი ტელესკოპით ათწლეულების წინ გადაღებული ფოტოები გააანალიზეს.
საათებისა და დღეების ინტერვალით გადაღებული ფოტოების ერთმანეთთან შედარებით ალგორითმმა ფოტოში სტაციონარული და მოძრავი ობიექტების ამოცნობა და მათი განსხვავება შეძლო.
მზის სისტემის ჩამოყალიბებისას ჩვენი ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი მტვერი და აირი ჩვენთვის ცნობილ ექვს პლანეტად ჩამოყალიბდა. შეპარდი ფიქრობს, რომ სატურნის ფორმირების შემდეგ, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, ამ ახალმა პლანეტამ მის გარშემო არსებული ასტეროიდები და კომეტები მიზიდულობის ძალით შემოიკრიბა და ისინიც, ამ დროის შემდეგ, სატურნის გარშემო ერთგულად ბრუნავენ.
ადრეულ მზის სისტემაში კომეტები და ასტეროიდები მათივე ბრუნვის კუთხის გათვალისწინებით გაზის გიგანტის გარშემო ერთმანეთისგან განსხვავებულ ორბიტებზე განთავსდებოდნენ.
მაგალითად, ახალი აღმოჩენილი თანამგზავრებიდან სამი პლანეტის ბრუნვის მიმართულებით ბრუნავს. დანარჩენი 17 თანამგზავრს კი სატურნის გარშემო საპირისპირო მიმართულება აქვს. აღმოჩენილი "მთვარეებიდან" ერთ-ერთი სატურნის თანამგზავრებს შორის პლანეტიდან ყველაზე მეტად დაშორებულია.
სატურნის გარე თანამგზავრები ორბიტალური მახასიათებლებიდან გამომდინარე სამ კატეგორიად იყოფა. პლანეტის მიმართულებით მოძრავი ორი ახალი ტანამგზავრი სატურნის იმ "მთვარეების" ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც გიგანტის გარშემო 46-გრადუსიანი კუთხით ბრუნავენ. თანამგზავრების ეს ჯგუფი, რომელსაც "ინუიტები" ეწოდება, სავარაუდოდ ერთი დიდი "მთვარის" დაშლის შედეგადაა წარმოქმნილი. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ახალი 17 თანამგზავრი კი მეორე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც სკანდინავიური მითოლოგიის სახელს ატარებს. თანამგზავრების მესამე ჯგუფის სახელი კი კელტურ მითოლოგიაზე დაყრდნობითაა შერჩეული და ამ ჯგუფში ახლადაღმოჩენილი "მთვარეებიდან" მხოლოდ ერთი მოხვდა.
კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტმა ახალი თანამგზავრების სახელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 6 დეკემბერს დასრულდება. კონკურსის წესების მიხედვით, ახალ "მთვარეებს" შესაბამის მითოლოგიასთან კავშირში მყოფი სახელები უნდა შეურჩიონ.
კომენტარები