დიდი ბრიტანეთის მდინარეების კრევეტებში კოკაინი აღმოაჩინეს
დიდი ბრიტანეთის, კერძოდ კი სუფოლკის მდინარეებში არსებულ კრევეტებში მეცნიერებმა კოკაინი აღმოაჩინეს.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარებმა სუფოლკში ნიმუშები 15 სხვადასხვა ლოკაციიდან მოიპოვეს, კოკაინი კი 15-ვე მათგანში იპოვეს. კრევეტებში ასევე ფართოდ იყო გავრცელებული კეტამინი.
"ჯერჯერობით უცნობია, ეს მხოლოდ ადგილობრივი და ლოკალური პრობლემაა, თუ გლობალურიც. გარემოს დაბინძურებას საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა, თუმცა, ამ დროს აქცენტი ძირითადად კლიმატის ცვლილებასა და მიკროპლსატმასებით დაბინძურებაზეა ხოლმე. საჭიროა უფრო მეტი ყურადღება ერთი შეხედვით "უჩინარ" ქიმიურ დაბინძურებასაც დაეთმოს", - აცხადებს სუფოლკის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ ბერი.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ველურ ბუნებაზე სხვადასხვა ტიპის მიკროდაბინძურების გავლენა შეისწავლეს. კეტამინისა და კოკაინის გარდა ცხოველებში აღმოჩნდა აკრძალული პესტიციდებიც, ისევე როგორც სხვადასხვა მედიკამენტი.
მიუხედავად დაბინძურების დიდი დონისა, მეცნიერების თქმით, ეს ნივთიერებები ცხოველებზე, სავარაუდოდ, დიდ გავლენას ვერ ახდენს.
"აკრძალული ნარკოტიკების ბუნებაში ასეთი სიხშირით პოვნა მოულოდნელი იყო. მსგავსი დაბინძურება შესაძლოა უფრო ხშირი ქალაქების მახლობლად იყოს. ასევე განსაკუთრებით დასაფიქრებელია აკრძალული პესტიციდების აღმოჩენა, რადგან მათი წყაროები უცნობია", - აცხადებს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ლიონ ბარონი.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები