პირველი არტისტები — პრეისტორიული ხელოვნების 10 შთამბეჭდავი ნიმუში
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება არა ქვის იარაღი ან ფოლადის მახვილი, არამედ დედამიწის პირველი ხელოვანების მიერ გამოყენებული სიმბოლური გამოხატვის ფორმებია.
კლდის მხატვრობა მაგიური ფანჯარაა, რომლის წყალობითაც შეგვიძლია წარსულში გავიხედოთ და წარმოდგენა შევიქმნათ იმ დროზე, რომელშიც კაცობრიობას დამწერლობა არ გააჩნდა, ხოლო დედამიწას კი ადამიანის კვალი ჯერ კიდევ არ ეტყობოდა.
1. ლასკოს მღვიმე
დაახლოებით 17 000 წლის წინ პირველმა ადამიანებმა დღევანდელი აღმოსავლეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებულ მღვიმეებში ზედა პალეოლითის ფაუნის, ადამიანებისა და აბსტრაქტული ნიშნების გამოსახვა დაიწყო.
ნახატების უმეტესობა წითელი, ყვითელი და შავი ფერით არის დახატული, რომლებიც სხვადასხვა მინერალური პიგმენტებითაა მიღებული. ნახატებში იმდროინდელი ლანდშაფტები და ფლორა გამოსახული არ არის. ლასკოს მღვიმის კედლებზე ჯამში 6 000-ზე მეტი ფიგურაა. დიდი ზომის გამო მღვიმე დაყოფილია დარბაზებად: ხარების დარბაზი, გრავიურების პალატა, მკვდარი კაცის მაღარო და ა.შ.
2. შოვეს გამოქვაბული
1994 წლის 18 დეკემბერს აღმოჩენილი შოვეს გამოქვებული პრეისტორიული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ნახატების ასაკი დაახლოებით დაახლოებით 26 000-დან 36 000 წლამდე მერყეობს
მღვიმეში ჯამში 13-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ცხოველია გამოსახული, მათ შორისაა რამდენიმე ისეთიც, რომელთა ანალოგებიც სხვა მღვიმეებში არ არსებობს.
3. ალტამირის მღვიმე
ალტამირის მღვიმე ესპანეთში, დასახლება სანტილანა დელ მარის სიახლოვეს, კანტაბრიაში მდებარეობს. მღვიმე განთქმულია ნახშირით შესრულებული, ისევე როგორც პოლიქრომული ნახატებით, რომლებშიც ადგილობრივი ფაუნაა გამოხატული. მღვიმეში ვხვდებით ადამიანის ხელის სტენსილებსაც.
მღვიმის სიგრძე დაახლოებით 1 000 მეტრია. მღვიმეში არსებული ყველაზე ძველი ნახატები დაახლოებით 36 000 წლისაა. ალტამირის მღვიმეში გამოსახულებები განსაკუთრებით კარგადაა შემონახული.
4. მაგურას მღვიმე
ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსვალეთში არსებულ ვიდინის ოლქში მაგურას მღვიმე მდებარეობს, რომლის სიგრძეც 2,5 კილომეტრს აღწევს. მის კედლებზე გამოსახული ნახატების ასაკი დაახლოებით 9 000 წელია.
მღვიმეში არსებულ ნახატებში ვხვდებით რელიგიურ ცერემონიებს, ნადირობის სცენებსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულისათვის დამახასიათებელი ღმერთების გამოსახულებებს.
5. რობინ ჰუდის მღვიმის ცხენი
1876 წელს მეცნიერებმა გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ კი დერბშირში, ერთ-ერთ მღვიმეში ნეკნის ძვალი იპოვეს, რომელზეც ცხენია გამოსახული. შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ძვალზე თავდაპირველად მხოლოდ ცხენის თავი იყო ამოტვიფრული. შემდეგ კი მას ვერტიკალური ხაზებიც დაემატა, რითაც ერთგვარი ღობის, ან თუნდაც ვარდნილი შუბების შთაბეჭდილება იქმნება. არტეფაქტის ასაკი დაახლოებით 13 000 წელია, დაახლოებით ამ დროს დასრულდა დედამიწაზე გამყინვარების პერიოდი, რასაც გამყინვარების ეპოქის ცხოველების — ბეწვიანი მამონტების, მასტოდონების, ხმალკბილა ვეფხვებისა და მღვიმის გიგანტური დათვების გადაშენებაც მალევე მოჰყვა.
ცხენის გამოსახულების გარდა მეცნიერებმა მღვიმეების ამ სისტემაში სხვა ამოტვიფრული ძვლებიც იპოვეს, მათ შორისაა ახლა უკვე გადაშენებული ბეწვიანი მარტორქის ნეკნის ძვალზე ამოტვიფრული ადამიანის ფიგურა. ზემოთ მოცემულ ფოტოზე ცხადად ჩანს ადამიანი. მას გრძელი და თხელი კიდურები აქვს. ის სახეზე ნიღაბს ატარებს, ასევე დასაშვებია, რომ მისი სახე უბრალოდ უჩვეულო პროპორციებით იყოს დახატული. მისი ფეხები დასრულებული არ არის. ძვალი მთლიანად დაჩხაპნილია. ამოტვიფრული ადამიანი უცნაურად გამოიყურება და ის თითქოს ადამიანს არც კი ჰგავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ კონკრეტული პერიოდის არტეფაქტებზე ადამიანები ყოველთვის მსგავსი სტილით არიან გამოსახულნი. ტანსაცმლის არარსებობა და თავის არარეალური პროპორციები შესაძლოა მხატვრულ თვალსაზრისზე მიუთითებდეს. პალეოლითურ ხელოვნებაში ადამიანის გამოსახულებები დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, თუმცა ამ ფაქტს ხატვის შესაბამისი უნარის არქონას ვერ მივაწერთ, რადგან ამავე პერიოდში დახატული ცხოველები მაღალი სიზუსტითა და რეალიზმით გამოირჩევა.
6. კუევა-დე-ლას-მანოსი
კუვა-დე-ლას-მანოსის გამოქვაბული არგენტინის სამხრეთ ნაწილში, მდინარე პინტურასის ხეობაში მდებარეობს. გამოქვაბული ცნობილია კედლებზე გამოსახული ადამიანის ხელის ფიგურებით, რომელთა ასაკიც დაახლოებით 11 000 წელია.
საინტერესოა მეთოდი, რომლითაც პირველყოფილმა ადამიანებმა მღვიმეში საკუთარი კვალი დატოვეს. მღვიმის კედლებზე არსებული სტენსილები მილისებრი ძვლების მეშვეობით არის გაკეთებული, რომლებითაც მღვიმის კედელზე დადებულ ხელზე საღებავის მისხურება ხდებოდა. გამოსახული ხელების უმეტესობა მარცხენაა, რაც ნიშნავს, რომ მათ მისასხურებელი ძვლები მარჯვენა ხელში ეჭირათ.
მღვიმე სიგრძეში 248 მეტრია, მისი შესასვლელი კი სიგანეში 15 მეტრია. გარდა ხელის ფიგურებისა კედლებზე გამოსახულია ნადირობის სცენები და გეომეტრიული ფორმები, ისევე როგორც სხვა ცხოველები. ხელებთან ერთად გვხვდება ფრინველ ნანდუს ფეხის სტენსილებიც.
7. ბჰიმბეტკა
ბჰიმბეტკა ცენტრალურ ინდოეთში არსებული არქეოლოგიური ძეგლია. სწორედ აქ ვხვდებით ინდოეთის სუბკონტინენტზე ადამიანის პირველ, უძველეს კვალს. ბჰიმბეტკა შვიდი ბორცვისა და დაახლოებით 750 ქვის ბუნებრივი თავშესაფრისგან შედგება, რომლებიც 10 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული. ზოგიერთ თავშესაფარში ადამიანი ჯერ კიდევ 100 000 წლის წინ ცხოვრობდა.
ამ ტერიტორიაზე ადამიანი რამდენიმე სხვადასხვა პერიოდში არსებობდა. ყველაზე ძველი ნახატები, რომლებიც ზედა პალეოლითის ხანას ეკუთვნის, დაახლოებით 30 000 წლისაა. შემდეგ გვხვდება შუა ქვის ხანისა და ენეოლითის მხატვრობა. საბოლოოდ კი მივდივართ ძველ მსოფლიომდე და შუასაუკნეებამდე. ბჰიმბეტკა ის იშვიათი ადგილია, სადაც კარგად ჩანს ის კულტურული ევოლუცია, რაც ადამიანმა მონადირე-შემგროვებლობიდან სოფლის-მეურნეობამდე განიცადა.
8. მამონტი ძვალზე
2007 წელს, ფლორიდაში მცხოვრები ძვლების შემგროვებელი ჯეიმს კენედი ვეროს სანაპიროზე სეირნობდა, რა დროსაც ის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ძვალს წააწყდა. ძვლის ფრაგმენტი გამყინვარების პერიოდის რომელიღაც დიდ ძუძუმწოვარს ეკუთვნოდა, დიდი ალბათობით, მამონტს, მასტოდონს ან მეგათერიუმს (ე.წ. გიგანტური ზარმაცა). მოგვიანებით, ძვლის გასუფთავებისას გამოჩნდა, რომ ძვალზე პატარა მამონტი იყო ამოტვიფრული.
ძვლის ფრაგმენტისა და ნახატის ასაკი დაახლოებით 13 000 წელია. ეს ამტკიცებს იმას, რომ გამყინვარების პერიოდში ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები მათ მიერ მონადირებული ცხოველების გამოსახულებებს ქმნიდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მამონტები ბოლოს 13 000 წლის წინ ბინადრობენ, ხოლო ამერიკის ტერიტორიაზე უფრო ახლო წარსულში მცხოვრები ადამიანები მამონტს ვერ დახატავდნენ, რადგან მათ ის ნანახი არ ეყოლებოდათ.
9. რუფინაკის გამოქვაბული
რუფინაკის გამოქვაბული საფრანგეთში, დორდონის დეპარტამენტში მდებარეობს. მის კედლებზე ჯამში 250 ფიგურაა გამოსახული, მათ შორისაა 157 მამონტი, 28 ბიზონი, 15 ცხენი, 12 ალპური გარეთხა, 10 ბეწვიანი მარტორქა და ერთი გიგანტური დათვი. ფიგურების ასაკი დაახლოებით 13 000 წელია.
რუფინიაკი ცნობილია მამონტის ნახატების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, რის გამოც მას 100 მამონტის მღვიმესაც უწოდებენ. გამოქვაბულში ასევე ვხვდებით თითებით მიერ დატოვებულ კვალს. 2011 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ჯეს კუნიმ ჩატარებული კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ აღნიშნული კვალი დაახლოებით სამი წლის ბავშვების მიერ უნდა იყოს დატოვებული.
10. ელ კასტილოს გამოქვაბული
ელ კასტილოს გამოქვაბული ესპანეთში, კანტაბრიის რეგიონში მდებარეობს. სწორედ ამ გამოქვაბულშია ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნების ყველაზე ძველი ნიმუშები. მღვიმის კედლებზე არსებული ნახატები 40 000 წლით თარიღდება.
ფოტო: Wendel Collection / Neanderthal Museum
ელ კასტილოში ვაწყდებით ხელის სტენსილებსაც. 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ესპანეთისა და საფრანგეთის გამოქვაბულებში არსებული ხელის სტენსილები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათი უმეტესობა ქალებს ეკუთვნის, რის შემდეგაც გავრცელებული წარმოდგენა, რომ პრეისტორიული ხელოვნების ამ ფორმას მხოლოდ კაცები ქმნიდნენ, შეიცვალა.
კომენტარები