ცუკერბერგი მთავრობისგან ინტერნეტის რეგულირებას ითხოვს
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუქი პრობლემების წინაშე დგას, კომპანია უკვე არაერთ სკანდალშია გახვეული და ფაქტია, რომ ის მომხმარებლების უფლებებისა და მონაცემების უსაფრთხოდ დაცვას ვერ ახერხებს.
ახლა კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი მთავრობას ინტერნეტში უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის დახმარებას სთხოვს.
"მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში მთავრობა და რეგულატორები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი. ინტერნეტის კანონების განახლებით ჩვენ შევძლებთ მასში შევინარჩუნოთ ყველაზე მთავარი რამ — გამოხატვის თავისუფლება და დავიცავთ ადამიანებს ზიანისგან", - აცხადებს ცუკერბერგი The Washington Post-ში შაბათს გამოქვეყნებულ წერილში.
ცუკერბერგის თქმით, რეგულაციები ყველაზე მეტად ოთხ კონკრეტულ სფეროშია საჭირო, ეს არის ზიანის შემცველი კონტენტი, არჩევნები, პირადი მონაცემები და ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა.
ცუკერბერგმა აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის ის მეთოდებიც ჩამოთვალა, რომელზეც კომპანია თავად მუშაობს, თუმცა მან ასევე ახსენა ახალი რეგულაციების საჭიროება, განსაკუთრებით კი ისეთების, რომლებიც ერთი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც ვრცელდება.
"ინტერნეტში არსებულმა წესებმა ადამიანებს საშუალება მისცა, რომ შეექმნათ სერვისები და პროდუქტები, რომლებმაც სამყარო და ადამიანების ცხოვრება შეცვალა. ახლა კი დროა, რომ ეს წესები განვაახლოთ და ადამიანებს, კომპანიებსა და მთავრობას მათი წილი პასუხისმგებლობები დავაკისროთ", - აცხადებს ის.
კომენტარები