ადამიანებს შესაძლოა დედამიწის მაგნიტური ველის ქვეცნობიერად აღქმა შეგვეძლოს
მსგავს უნარებს, როგორც წესი, სუპერგმირებს მივაწერთ ხოლმე, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწის მაგნიტური ველის აღქმის უნარი შესაძლოა ჩვეულებრივ მოკვდავებსაც გაგვაჩნდეს.
აღნიშნულ უნარს ნავიგაციისათვის, მტრედებით დაწყებული, კუებით დამთავრებული, უამრავი ცხოველი იყენებს. დაფიქსირებულია ისიც, რომ რქოსანი პირუტყვი მინდორში ყოფნისას მაგნიტური ველის მიმართულებით სწორდება. მსგავსი რამ შემჩნეულია ძაღლებშიც, თუმცა მხოლოდ დეფეკაციისას.
ამ უნარის უკან მდგომ მექანიზმებზე დებატები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველი იყო, გვაქვს თუ არა ადამიანებს მაგნიტური ველის აღქმის უნარი. ახლა კი მეცნიერები ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მაგნიტორეცეფციის მექანიზმები შესაძლოა ჩვენშიც არსებობდეს.
"ჩვენს სახეობაში მაგნიტური ველების აღქმის უნარი, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, არ დაუკარგავს. ჩვენ დედამიწის მაგნიტური ბიოსფერის ნაწილი ვართ", - აცხადებს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი და კვლევის ავტორი ჯოზეფ კირსჩვინკი.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ალუმინის ფირფიტებისგა დამზადებული ოთხკუთხოვანი გალია ააგეს, რომელიც გარეშე ელექტრომაგნიტურ ტალღებს ახშობდა. კედლებში ასევე ჩაშენებული იყო სპეციალური სადენები, რითაც გალიაში ხელოვნური მაგნიტური ველი იქმნებოდა, რომელიც სიძლიერით დედამიწის მაგნიტური ველის მსგავსი იყო.
ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები ჩაბნელებულ გალიაში არსებულ ხის სკამზე სხდებოდნენ, სახით ჩრდილოეთისკენ. პარალელურად კი მეცნიერები ელექტროენცეფალოგრამით მათი ტვინის აქტივობას იწერდნენ.
მეცნიერები ექსპერიმენტების ნაწილში გალიაში მაგნიტურ ველებს მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმოქმნიდნენ, ნაწილში კი ისინი მბრუნავ მაგნიტურ ველს ქმნიდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში მაგნიტური ველების წარმოქმნა საერთოდ არ ხდებოდა, რა დროსაც ექსპერიმენტის მონაწილეები მხოლოდ დედამიწის ბუნებრივი მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. რაც მთავარია, მონაწილეებმა არ იცოდნენ, თუ რომელი ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობდა მათი გალიაში ყოფნისას.
34 ზრდასრულ ადამიანზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მაგნიტური ველის ცვლილებისას ზოგჯერ ტვინში ალფა ტალღები ითრგუნებოდა.
ეს ცვლილება მაშინ ფიქსირდებოდა, როდესაც ჩრდილოეთისკენ მიმართული მაგნიტური ველის ზემოთ და ქვემოთ გადაადგილება ხდებოდა. ასევე იმ შემთხვევაში, როცა ჩრდილოეთის მიმართულებით დახრილი მაგნიტური ველი საათის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნდებოდა. ეს იგივეა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მყოფმა ადამიანმა თავი დააქნიოს, ან თავი მარჯვნივ შეატრიალოს.
კირსჩვინკის თქმით, ელექტროენცეფალოგრამით დაფიქსირებული ცვლილება მაგნიტური ველის სწრაფი ცვლილების მიერ ტვინში გამოწვეული საპასუხო რეაქციაა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ტვინს მაგნიტური ველების აღქმა გარკვეულწილად შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტით დაფიქსირებული ცვალებადობის სიძლიერე მონაწილეებში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტში მიღებული შედეგები ადამიანის მაგნიტორეცეფციაზე მიუთითებს, მათი თქმით, ექსპერიმენტის შედეგები რეალურია და მასში ცრუ შედეგების ან არტეფაქტების არსებობა გამორიცხულია.
ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმი, რომლითაც ცხოველები შესაძლოა მაგნიტურ ველებს აღიქვამდნენ, ე.წ. კვანტური კომპასია. აღნიშნული მექანიზმი გაუწყვილებელი ელექტრონების მქონე მოლეკულებზეა დაფუძნებული, რომლებიც მაგნიტური ველის ცვლილებაზე რეაგირებენ. ამ მექანიზმით ცხოველს უნდა შეეძლოს იმის დადგენა, ეკვატორისაკენ გადაადგილდება ის, თუ პოლუსისაკენ, თუმცა ეს მეთოდი პოლუსების ერთმანეთისგან გარჩევის საშუალებას არ იძლევა.
ავტორების თქმით, ექსპერიმენტის შედეგები მიუთითებს, რომ ადამიანებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი გვაქვს, რაც მაგნიტორეცეფციის ალტერნატიული მექანიზმის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც გაუწყვილებელი ელექტრონების ნაცვლად, რკინის კრისტალების შემცველ უჯრედებზეა დამოკიდებული. აღნიშნული კრისტალები სპეციფიკურ უჯრედებში კომპასის ისრის მსგავსად ბრუნავს, რაც უჯრედში გარკვეული ფორების გახსნასა და დაკეტვას განაპირობებს, საბოლოოდ კი ამ პროცესის შედეგად გამოწვეული სიგნალები ტვინს გადაეცემა.
"ჩვენ მსგავსი უჯრედების არსებობას ვწინასწარმეტყველებთ. ისინი აუცილებლად უნდა არსებობდნენ", - აცხადებს კირსჩვინკი.
ავტორები აცხადებენ, რომ რადგანაც ექსპერიმენტის მონაწილეები ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან იყვნენ, მათი უჯრედები შესაძლოა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ მაგნიტურ ველს იყოს მორგებული, რაც მათ პოლუსების გარჩევის საშუალებას აძლევს.
მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ თანამედროვე სამყაროში არსებული უამრავი ელექტრონული მოწყობილობა შესაძლოა ამ "გრძნობაზე" გარკვეულ გავლენას ახდენდეს. თუმცა, ჯერ მაინც გაურკვეველია, ნამდვილად არსებობს თუ არა მსგავსი მექანიზმი ადამიანის ორგანიზმში, ხოლო მის მიერ მოხდენილ გავლენაზე კი საუბარი ზედმეტია. ავტორები აცხადებენ, რომ ამ საკითხების გასარკვევად ისინი დამატებით კვლევებს გეგმავენ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ჰორი, რომელიც მაგნიტორეცეფციის ექსპერტია აცხადებს, რომ პირველ რიგში აღნიშნული ექსპერიმენტების გამეორება უნდა მოხდეს, თანაც სამხრეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანების მონაწილეობით.
"თუ გავიხსენებთ, რომ დედამიწის მაგნიტური ველის აღქმა უამრავ ცხოველს შეუძლია, არ არის გამორიცხული, რომ ეს უნარი ჩვენც გაგვაჩნდეს. თუმცა, მაგნიტური ველის ცვლილების დროს ტვინში გამოწვეული მცირედი აქტივობის დაფიქსირება ერთია, ხოლო იმის დამტკიცება, რომ ადამიანები მაგნიტურ ველს ნამდვილად აღიქვამენ და ამ ინფორმაციას აზრობრივად იყენებენ, მეორე", - აცხადებს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ექსპერტი კენეტ ლოჰმანი.
კვლევა ჟურნალ eNeuro-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები