საფრთხის შემცველი ასტეროიდების აფეთქება შესაძლოა კარგი იდეა სულაც არ იყოს
მრავალი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს კაცობრიობა დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდს.
თუ ჰოლივუდს დავუჯერებთ, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ბირთვული იარაღია, რეალურად კი, ეს ექსპერტებისათვის დიდი ასტეროიდების დაშლის უპირატესი გზა ნამდვილად არ არის, თუმცა, გარკვეული ხომალდების გამოყენება, რომელიც ასტეროიდს პატარა, უსაფრთხო ნაწილებად დაშლის, რეალური პერსპექტივაა.
ახალი კვლევა კი ცალსახად გვაჩვენებს, თუ რამდენად გამოუსადეგარი შეიძლება იყოს აღნიშნული მეთოდი.
კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით მეცნიერებმა დაახლოებით 100-მეტრიანი კოსმოსური ქვა 24-კილომეტრიან ასტეროიდს საათში 18 000 კილომეტრის სიჩქარით შეაჯახეს. დიდი ასტეროიდი შეჯახებისთანავე მნიშვნელოვნად დაიბზარა, მის გარშემო კი ნამსხვრევები მიმოიფანტა. თუმცა, მნიშვნელოვანი ბზარების მიუხედავად, დიდი ასტეროიდის ბირთვი დაზიანებას დიდწილად გადაურჩა.
დროის გასვლის შემდეგ კი ასტეროიდის ბირთვის მიერ წარმოქმნილი მიზიდულობის ძალის გამო მის გარშემო მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა მოძრაობა უკან ასტეროიდისაკენ დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ წინამორბედ კვლევაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ასტეროიდებს საკუთარი თავის აღდგენაც შეუძლიათ, შესაძლოა სიმართლეს შეესაბამებოდეს.
აღნიშნული კვლევის ავტორი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერი ჩარლზ ელ მირია, რომელიც ასტეროიდებს შეისწავლის. მისი თქმით, აღნიშნული შედეგები შესაძლოა ასტეროიდის აფეთქების საწინააღმდეგო არგუმენტად გამოვიყენოთ.
ასტეროიდთა შეჯახებებისა და მათი აფეთქებების სიმულირება ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ მოხდა. თავდაპირველი კვლევები მიუთითებდა, რომ ასტეროიდები მათი "ძალადობრივი" წარსულის გამო შიგნიდან ძალიან მსხვრევადები უნდა ყოფილიყვნენ, საკმარისად სწრაფი შეჯახება კი მათ დასაშლელად საკმარისი უნდა ყოფილიყო.
ჟურნალ Icarus-ში ახლახან გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში კი მეცნიერებმა ასტეროიდებზე განსხვავებული ტიპის სიმულაციები ჩაატარეს.
ჰოპკინსის ექსტრემალური მასალების ინსტიტუტის დირექტორმა კ.ტ. რამეშმა და ყოფილმა სტუდენტმა ენდი ტონგმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რომლითაც ხდებოდა იმის გამოთვლა, თუ როგორ რეაგირებს სწრაფ შეჯახებებზე ისეთი მასალები, როგორიც არის, მაგალითად, ჯავშანჟილეტი.
ტონგმა და რამეშმა მალევე გააანალიზეს, რომ აღნიშნული მეთოდით ასტეროიდების შეჯახებების სიმულირებაც შეიძლებოდა, რის შემდეგაც მათ ეს მოდელი ასტეროიდის მიზიდულობის ძალის მოდელთან გააერთიანეს.
ამ ჰიბრიდულმა ალგორითმმა მათ საშუალება მისცა, უფრო ზუსტად ევარაუდათ, თუ რა გავლენას მოახდენდა ძლიერი ჭურვი ასტეროიდზე. ალგორითმის გამოყენებით კი მათ შეჯახების შედეგად გამოწვეული დაზიანებების აღწერა მაღალი სიზუსტით შეძლეს.
კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც გააჩნია. შეჯახებისას გამოყენებული ასტეროიდების მოდელები დიდ, მარტივ ქვებს წააგავს, რომლებიც არ ბრუნავენ, სინამდვილეში კი ასტეროიდები ბევრად უფრო დინამიურები არიან. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ასტეროიდის მოდელში ბზარების გარკვეული რაოდენობა წინასწარ იყო ჩაშენებული, მასში წინამორბედი შეჯახებების მიერ გამოწვეული დაზიანებები დაპროგრამებული არ იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორი გიგანტური ქვის შეჯახება ბირთვული რაკეტის შეჯახებისგან საკმაოდ განსხვავდება.
კვლევა ასტეროიდების დასაშლელად მსგავსი მეთოდების გამოყენებას არ გამორიცხავს, თუმცა, კვლევის ავტორის, ელ მირის თქმით, დიდი ასტეროიდის დამსხვრევამ შესაძლოა უფრო მეტი პრობლემა შექმნას. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასტეროიდის დანაწევრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნაწილები დედამიწის ზედაპირს მაინც მიაღწევს, შედეგი ისეთივე იქნება, რაც დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნის შემთხვევაში.
NASA-ს პლანეტარული თავდაცვის ოფისი, რომელიც დედამიწის მახლობლად არსებულ ასტეროიდებსა და კომეტებს თვალყურს ადევნებს, აცხადებს, რომ ასტეროიდების თავიდან აცილების ყველაზე კარგი გზა შესაძლოა არა მათი აფეთქება, არამედ მათი ტრაექტორიის შეცვლა იყოს. თუმცა ეს სავარაუდო შეჯახების თარიღამდე დიდი ხნით ადრე უნდა მოხდეს.
აღნიშნული მეთოდის გამოსაცდელად 2022 წელს NASA-ს ერთ-ერთი ხომალდი, სახელად DART (Double Asteroid Redirection Test) პატარა ასტეროიდს შეეჯახება, მისიის მიზანი ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლაა.
DART-ის სამიზნე ასტეროიდი Didymoon-ია. ეს 150 მეტრის სიმაღლის კოსმოსური ქვაა, რომელიც მეორე, უფრო დიდი ასტეროიდის, Didymos-ის გარშემო ბრუნავს.
საბოლოო ჯამში ასტეროიდის თავიდან ასაცილებლად მეთოდის არჩევა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი დრო გვექნება ჩვენ შეჯახებამდე.
"ასტეროიდის ორბიტის შეცვლა ასტეროიდის მოახლოებასთან ერთად რთულდება. თუ დედამიწისაკენ მომავალი ასტეროიდის შესახებ დაგვიანებით შევიტყობთ, ჩვენი ერთადერთი შანსი შესაძლოა ასტეროიდის მაქსიმალურად დამსხვრევა იყოს", - აცხადებს ლორენს ლივერმურის ეროვნული ლაბორატორიის პლანეტარული თავდაცვის მეცნიერი მეგან ბრუკ საილი.
კომენტარები