ღრმა წყლის უცნაური ბინადარი, რომელიც ტიმ ბარტონის ფილმის პერსონაჟს ჰგავს
ოკეანის ბნელ სიღრმეებში, ზედაპირიდან დაახლოებით 2 600 მეტრის სიღრმეზე ცხოვრობს ერთი უცნაური თევზი, რომელიც უკვე დიდი ხანია მეცნიერთათვის ინტერესის საგანია, მისი სახელია პატარაეკალა საშიშთევზა (Harriotta haeckeli).
პატარაეკალა საშიშთევზა იმითაც არის საინტერესო, რომ ის ტიმ ბარტონის ფილმის (კოშმარი შობის წინ) ერთ-ერთ პერსონაჟს, ძაღლ მოჩვენებას, ზეროს წააგავს.
ისტორიის განმავლობაში აღნიშნული სახეობა მხოლოდ რამდენიმე ინდივიდით იყო ცნობილი, რომლებიც გრენლანდიისა და ახალი ზელანდიის სანაპიროებზე იყო ნაპოვნი.
თუმცა, აღნიშნული თევზი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს, რის გამოც ისინი ვარაუდობენ, რომ ეს სახეობა იმაზე უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ქვემოთ მოცემულ შთამბეჭდავ ვიდეოზე პატარაეკლიან საშიშთევზა ჩანს, კადრები აშშ-ს ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზეა გადაღებული.
ზემოთ მოცემული ვიდეo ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევის სამმართველოს Okeanos-ის კვლევითი პროგრამის ფარგლებშია გადაღებული. პატარაეკლიანი საშიშთევზა ოჯახ Rhinochimaeridae-ს მიეკუთვნება, რომელიც სხვაგვარად გრძელცხვირა ქიმერების სახელწოდებითაც არის ცნობილი.
მათთვის დამახასიათებელი წაგრძელებული დრუნჩი ნერვული დაბოლოებებით არის დაფარული, რომლის წყალობითაც ისინი მსხვერპლს უფრო ადვილად პოულობენ.
მათ ზურგის ფარფლებში სპეციალური შხამიანი ეკლებიც აქვთ, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში თავს იცავენ. პატარაეკლიანი საშიშთევზა გრძელცხვირა ქიმერების ყველაზე პატარა ცნობილი წარმომადგენელია, მისი სიგრძე 72 სანტიმეტრს არ აღემატება. არსებობენ უფრო დიდი ზომის ქიმერებიც, მაგალითად, წვრილცხვირა ქიმერა (Harriotta raleighana), რომლის სიგრძეც 1.5 მეტრს აღწევს.
პატარაეკლიანი საშიშთევზას ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და გამრავლების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. როგორც ჩანს, ის საკმაოდ იშვიათი სახეობაა.
ამჟამად უცნობია, რამდენად ემუქრება მას საფრთხე, თუმცა სავარაუდოდ, მეთევზეობასა და ოკეანეების დაბინძურებას მასზე დადებითი გავლენა არ უნდა ჰქონდეს.
კომენტარები