ახალ ალგორითმს ერთი უძრავი ფოტოდან 3D ანიმაციის შექმნა შეუძლია
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ჩანგ-უი ვენგმა მეგობრებთან ერთად შთამბეჭდავი ალგორითმი შექმნა.
მათ მიერ შექმნილ პროგრამას "Photo Wake-Up" ეწოდება და ის საშუალებას იძლევა, რომ ერთი უძრავი სურათიდან ანიმაცია შეიქმნას - ალგორითმის მეშვეობით ფოტოში არსებულ პერსონაჟებს შეუძლიათ, რომ სურათიდან "გამოვიდნენ," ისე, რომ სურათში ხვრელი არ დატოვონ.
ვენგის მეთოდი ფოტოში 2D ობიექტებს პოულობს და მასზე დაყრდნობით ობიექტის 3D ანიმაციას ქმნის. შემდეგ კი ანიმაციას შეუძლია, რომ გაიაროს, ახტეს, დაჯდეს, ან ირბინოს.
პროგრამის საშუალებით შესაძლოა ფოტოებთან ინტერაქციის ახალი გზები მივიღოთ.
"ეს მეთოდი ფოტოების არამხოლოდ ახლებურად დათვალიერების გზას, არამედ ფოტოებიდან ვირტუალური ავატარის შექმნის ახალ მეთოდსაც გვთავაზობს" , - აცხადებს ვენგი საკუთარ კვლევაში.
შექმნილი ანიმაციები საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ "ცოცხლდება" ცნობილი კალათბურთელის, სტეფან კარის ფოტო. აღნიშნული ალგორითმის გამოყენება ნებისმიერ ფოტოზე შეიძლება, ვიდეოში ნაჩვენებია პიკასოს ერთ-ერთი ნახატიც, რომელში არსებულ სურეალისტურ არსებებს პროგრამა დაბრკოლებების გარეშე აცოცხლებს.
პროგრამის გამართულად მუშაობისთვის ერთი უძრავი ფოტოც კი საკმარისია, რომელშიც სილუეტი მკაფიოდ ჩანს. პროგრამა ფოტოდან 2D სილუეტს ავტომატურად ჭრის და მას შესაბამის სამგანზომილებიან ჩონჩხს უსადაგებს.
მკვლევარებს მსგავსი ალგორითმი ადრეც შეუქმნიათ, თუმცა მისი შედეგი ბევრად უფრო ნაკლებად შთამბეჭდავი იყო. ვენგის პროგრამაში მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული: ალგორითმს სხეულის სხვადასხვა ნაწილების ამოცნობა და მათი 3D ფორმებთან მისადაგება ინდივიდუალურად შეუძლია.
პროგრამის გამოყენება ვირტუალურ რეალობაშიც შეიძლება, მაგალითად, ასეთი სისტემა შეიძლება მუზემუებში გამოიყენონ, სადაც ხელოვნების ნიმუშების ახლებურად ნახვა იქნება შესაძლებელი.
კომენტარები