Apple ახალი აიპედების გაღუნვას პრობლემად არ მიიჩნევს
ეფლმა The Verge-ს დაუდასტურა, რომ გაყიდული 2018 წლის iPad Pro-ების ნაწილი ოდნავ გაღუნულია, თუმცა, კომპანიის თქმით, ეს თხელი პლანშეტის დამზადების პროცესის უბრალო გვერდითი ეფექტია და ის მოწყობილობის გამართულად ფუნქციონირებას ხელს არ უშლის. ეფლი პლანშეტების გაღუნვას დეფექტად არ აღიქვამს.
ეფლის თქმით, მოღუნვა მოწყობილობის დამზადების დროს მეტალისა და პლასტმასის კომპონენტების გაციების შედეგია. გაღუნვა iPad Pro-ს ორივე მოდელს ახასიათებს. ახალი iPad-ის საწყისი მოდელის ფასი $799-დან იწყება, ყველაზე ძვირადღირებული მოდელის ფასი კი 1 899 დოლარს აღწევს.
აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სხვადასხვა ფორუმზე მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ მათი iPad-ები ყოველგვარი უხეში მოპყრობის გარეშე გაიღუნა. ზოგიერთი მათგანის iPad-ს ეს პრობლემა დროთა განმავლობაში შეექმნა, ზოგი კი აცხადებს, რომ ის ყუთიდან ამოღებისთანავე ასეთი იყო. ეს უკანასკნელი მოსაზრება ეფლმაც დაადასტურა.
აღნიშნული პრობლემა უფრო მეტად iPad-ის იმ მოდელებში ვლინდება, რომელსაც LTE ქსელის მხარდაჭერა აქვთ. ამ მოდელებში გაღუნვა პლანშეტის გვერდებზე არსებულ ანატენის ზოლებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, ახდენს თუ არა iPad-ის ფუნქციონალურობაზე გავლენას გაღუნვა, ასეთი რამ, ეფლისთვის, რომელიც მაღალი ხარისხით მოწყობილობებით არის ცნობილი, შესაფერისი არ არის.
მათ, ვისაც არ სურთ, რომ გაღუნული iPad ჰქონდეთ, მისი დაბრუნება ან გამოცვლა შეძენიდან 14 დღის განმავლობაში თავისუფლად შეუძლიათ. თუმცა, რამდენად შესაძლებელი იქნება მოწყობილობების დაბრუნება და გამოცვლა 14 დღის შემდეგ, გაურკვეველია.
iPad-ების გაღუნვის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთმა პოპულარულმა იუთუბერმა მოწყობილობა ვიდეოში დიდი ძალისხმევის გარეშე მარტივად გადატეხა. აღსანიშნავია, რომ თუ მოვინდომებთ, ხელით პლანშეტების უმეტესობის გაღუნვას შევძლებთ, რადგან ეს მოწყობილობები საკმაოდ თხელია. 11-ინჩიანი iPad სულ რაღაც ნახევარ კილოს იწონის.
ახალი iPad Pro დაახლოებით ორი თვის წინ გამოვიდა და ჯერჯერობით, ცნობები იმის შესახებ, რომ ახალი iPad-ები მასიურად იღუნება, არ გავრცელებულა. Apple-ის თქმით, ახალი აიპადი სტრუქტურულად მდგრადია და მას არანაირი პრობლემა არ აქვს.
მსგავსი პრობლემა ეფლს iPhone 6-ის გამოშვების შემდეგაც შეექმნა, ოღონდ, პრობლემა ბევრად უფრო სერიოზული იყო და კომპანიამ მომდევნო თაობის iPhone-ის შექმნისას უფრო მდგრადი ალუმინი გამოიყენა.
ჯერჯერობით, ახალი iPad Pro-ს გაყიდვები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
კომენტარები