პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც საქართველოს ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახალი კადრები კონკურსის გარეშე დანიშნოს. ქართული ოცნების დეპუტატების, რატი იონათამაშვილისა და გურამ მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი გარანტიები აღარ გავრცელდება.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურა სრულყოფილად ვერ პასუხობს საჯარო სამსახურის კანონის ლოგიკას. მათივე აზრით, ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტს ხელს უწყობენ უფლებამოსილებების განხორციელებაში, ამიტომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უნდა დასაქმდნენ.

"მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე"

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ ამ ცვლილებებით გამოცდილ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ, აღარ ექნებათ დაცულობის გარანტიები და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

"ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მთელი სულისკვეთება აბსოლუტურად უმნიშვნელოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთი ცვლილების განხორციელება მოიფიქრა. კანონპროექტი ხაზს გადაუსვამს საჯარო სამსახურის რეფორმას. ეს არის ინსტიტუტის ნგრევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ ადმინისტრაციაში დასაქმება კონკურსის გარეშე იქნება შესაძლებელი. ახალ თანამშრომლებს ერთიანი სტანდარტი არ ექნებათ დასაკმაყოფილებელი.

"საჯარო სამსახურის რეფორმის სულისკვეთება სწორედ ის იყო, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად, არ იცვლებოდნენ კომპეტენტური კადრები და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად აგრძელებდეს მუშაობას", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილიც. ის ამ ინიციატივას "ლაჩრულს", "ვერაგულს", "ცალსახად დისკრიმინაციულსა" და "ანტიკონსტიტუციურს" უწოდებს.

"ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე უკვე მერამდენე, სათვალავი მართლა ამერია და მე მინდა მათ ვურჩიო, რომ ამდენ უბადრუკ მცდელობას, სჯობს მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თვითონ, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ", — განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი, თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზეც და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზეც.

"მე მინდა აი ამ აბსურდის, ე.წ. ავტორებს ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ამ აბსურდის შექმნამდე, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან ათწუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ. ეს ახალგაზრდები მათ საკუთარ აბსურდში დაარწმუნებდნენ", — აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

"საშიში პრეცედენტი"

ახალ საკანონმდებლო ინიციატივას არაკონსტიტუციურს უწოდებენ სამოქალაქო სექტორში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

საია ვარაუდობს, რომ ეს ცვლილება საქართველოს ახალ პრეზიდენტს უკავშირდება, რათა მან შეძლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება და უკონკურსოდ, ახალი კადრების აყვანა. მათივე პოზიციით, ამ ვარაუდს ადასტურებს კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით განხილვის სურვილი.

"აღნიშნული კანონპროექტი საშიში პრეცედენტია. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და თავი შეიკავოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომლებიც ზიანს მიაყენებს საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მათ დამოუკიდებლობასა და საჯარო სამსახურის სტაბილურობას", — აცხადებენ საია-ში.

საია მზადაა კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცვას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კანონპროექტის ავტორებს საკანონმდებლო ცვლილების პროექტის უკან გაწვევას სთხოვს. მათი პოზიციით, ინიცირებული ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და ხელს უშლის საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

ორგანიზაციისთვის კითხვებს აჩენს, თუ რატომ შეიმუშავეს ეს კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა.

კანონმდებლობა

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიებსაც.

რას ნიშნავს პროფესიული საჯარო მოხელე

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, პროფესიული საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ თანამდებობაზე და ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამის სანაცვლოდ ის იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. პროფესიულ საჯარო მოხელეებს ნიშნავენ პროფესიული ნიშნით, კონკურსის საფუძველზე, უვადოდ. პროფესიული საჯარო მოხელეები პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან დაცულები არიან, რაც მის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროფესიული საჯარო მოხელეა ყველა, გარდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ადმინისტრაციის უფროსის, მისი მოადგილის, სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელების, მათი მოადგილეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა. ეს ადამიანები თანამდებობებზე დაინიშნენ პროფესიული ნიშნით, კონკურსის საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ასეთი დაახლოებით 114 თანამშრომელია.

რას ნიშნავს ადმინისტრაციული წესით დასაქმება

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირია ის, ვინც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ეს პირები ინიშნებიან თანამდებობის პირის ვადის მსგავსად, კონკურსის გარეშე. ხელშეკრულების შეწყვეტისთვის დადგენილია უფრო დაბალი გარანტიები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ამ კადრებისთვის დამხმარე ფუნქციების შემსრულებლად მოხსენიება ქმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს, რომ შესაძლოა მომავალში პარლამენტმა სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებითაც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებები.

საჯარო სამსახურის რეფორმა

საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. IDFI-ის ცნობით, ამ რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგები არაერთხელ შეუფასებიათ პოზიტიურად ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 2018 წლის ნოემბერში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ძალაში შესვლას დადებითად გამოეხმაურა ევროპარლამენტი. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტის მოლოდინია მოხდეს კანონის სრული იმპლემენტაცია. ეს ხელს შეუწყოს საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის მდგრად განვითარებას.

"შემოთავაზებული ცვლილებები საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს მიერ ამ სფეროში მიღწეულ საერთაშორისო აღიარებას და ჩრდილს აყენებს საჯარო სამსახურის რეფორმის სულისკვეთებას", — ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

კანონპროექტის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველმაც. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი დღეს, 12 დეკემბერს არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილავს დაგეგმილ ცვლილებებს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 10 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. პროექტი გუშინ, 11 დეკემბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უნდა განეხილა, თუმცა გადაიდო.