ნასას მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე წყლის ყინულის არსებობა დაადასტურეს
მთვარის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ და ცივ რეგიონებში მეცნიერებმა წყლის ყინულის არსებობა დაადასტურეს. აღმოჩენილი წყლის ყინული მთვარის პოლუსებზეა მიმოფანტული და ის სავარაუდოდ იმ დროიდან შემორჩა, როდესაც მთვარე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. მთვარის სამხრეთ პოლუსზე ყინული ძირითადად კრატერებთან არის კონცენტრირებული, ჩრდილოეთ პოლუსზე კი ის უფრო ფართოდაა მიმოფანტული.
აღმოჩენა რამდენიმე სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებისა და ნასას მეცნიერებისგან შემდგარმა გაერთიანებულმა ჯგუფმა მთვარის მინერალოგიის შემსწავლელი ინსტრუმენტით M3-ით გააკეთა.
M3 ინდურმა კოსმოსურმა სააგენტომ ხომალდ Chandrayaan-1-თან ერთად 2008 წელს გაუშვა. და ის აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით, რომელიც წყლის ყინულის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევს. ინსტრუმენტს ასევე შეუძლია ინფრაწითელი სინათლის შთანთქმის მახასიათებლების გაზომვის მეშვეობით წყლის სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობები ერთმანეთისგან განასხვავოს.
ნაპოვნი ყინულის უმეტესობა მთვარის პოლარულ რეგიონში კრატერების ჩრდილშია აღმოჩენილი, სადაც ტემპერატურა -150 ცელსიუს გრადუსზე მეტად არ თბება.
მთვარეზე წყლის ყინულის არსებობა ადრეულ დაკვირვებებზე დაყრდნობითაც სავარაუდო იყო, თუმცა ამჯერად მეცნიერებს დამადასტურებელი საბუთებიც აქვთ.
მთვარის ზედაპირზე საკმარისი წყლის ყინულის არსებობის შემთხვევაში ის შეიძლება სამომავლო ექსპედიციებმა სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ.
კომენტარები