კოვიდის ვაქცინები გულის პრობლემების რისკს ამცირებს — კვლევა
ფოტო: Getty
ახალი კვლევის თანახმად, ბოლოდროინდელ კოვიდის ვაქცინას შეიძლება მოულოდნელი გვერდითი ეფექტებიც ახლდეს თან: გულის შეტევებისა და ინსულტის შემცირებული რისკი.
კვლევაში მილიონზე მეტი ვეტერანი მონაწილეობდა, რომლებმაც 2024 წელს გრიპის ვაქცინა გაიკეთეს. ვეტერანების დაახლოებით მესამედმა კოვიდის ვაქცინაც მიიღო.
ცნობილია, რომ SARS-CoV-2-თან ერთად სხვა ინფექციის არსებობა გულის პრობლემებს ამწვავებს. აღმოჩნდა, რომ აცრიდან 8 თვეში იმ ვეტერანებს, რომლებიც კოვიდზეც აცრეს, კორონავირუსთან დაკავშირებული გულის შეტევები ან ინსულტი დაახლოებით 38%-ით უფრო ნაკლებად დაემართათ. ეს კანონზომიერება განსაკუთრებით 75 წელს გადაცილებულ პირებში და იმ ვეტერანებში გამოიკვეთა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, თირკმლის ან ფილტვის) ჰქონდათ.
მეცნიერთა გასაკვირად, კოვიდის აცრამ ნებისმიერი ტიპის გულის პრობლემა 24%-ით შეამცირა, ე.ი. არამხოლოდ კოვიდთან დაკავშირებული. ამ მიგნების სწორად გამოყენებით შეიძლება წლიურად მილიონ ადამიანზე 2400 სიკვდილი ავიცილოთ თავიდან.
შეიძლება მოისმენთ, რომ კოვიდის ვაქცინა მიოკარდიტს (გულის კუნთის ანთებას) იწვევს. ეს გვერდითი ეფექტი იშვიათად მართლაც ვლინდება (განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცებში), თუმცა მიოკარდიტს თავად კოვიდი გაცილებით უფრო ხშირად იწვევს, ვიდრე აცრა.
მკვლევრების თქმით, კოვიდსა და გულის პრობლემებს შორის რამდენიმე შესაძლო კავშირი არსებობს. მათ შორისაა ინფექციით გამოწვეული ანთება და გულის ქსოვილების პირდაპირი დაზიანება. გარდა ამისა, ინფექცია ხანგრძლივი კოვიდის ან სხვა გახანგრძლივებული სიმპტომების რისკსაც ზრდის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხანდაზმულები კოვიდის აცრას გაცილებით ნაკლებად იკეთებენ, ვიდრე გრიპისას.
კიდევ ერთი კვლევის თანახმად, 2024-2025 წლების კოვიდის ვაქცინებმა ამერიკელებში გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მნიშვნელოვნად შეამცირა და ზრდასრულებში კრიტიკული დაავადებების რისკი 41%-ით დაწია.
მსგავსი კვლევა ევროპაშიც ჩატარდა: 60 წელს გადაცილებულ ზრდასრულებში 2025-2026 წლების კოვიდის ვაქცინებმა აცრიდან 2 თვეში სიმპტომური კოვიდის განვითარების რისკი 55%-ით შეამცირა. ვაქცინებს იმისთვის აახლებენ, რომ შედარებით ახალ ვარიანტებსაც მოარგონ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ახალი თაობის ვაქცინებითაც ავიცრათ, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც მაღალი რისკის ქვეშ არიან.
ნაშრომი გამოცემაში JAMA Internal Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები