NASA ისტორიული მისიისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტები მთვარისკენ გაფრინდებიან და მას გარშემო შემოუვლიან. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ტექნიკური პრობლემები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ამიტომ ბოლოს დასახელებული გაშვების ფანჯარა ისევ ძალაშია.

ამ გეგმის მიხედვით, მისია Artemis 2-ის ეკიპაჟის ფრენის ფანჯარა თბილისის დროით 2 აპრილის 02:24-ზე იხსნება და 2 საათის განმავლობაში იქნება აქტიური. ასე ეწოდება მთვარისა და დედამიწის იმგვარ ურთიერთგანლაგებას, რომელიც მსგავსი მოგზაურობისთვის ხელსაყრელია. თუკი რაიმე მიზეზის გამო მისია ვერ განხორციელდება, მომდევნო მცდელობის შესაძლებლობა 6 აპრილის ჩათვლით ექნებათ.

ასევე, იხილეთ: სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე

ცნობისთვის, Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის გარშემო 8 თებერვალს უნდა გაეშვათ. ამის მიუხედავად, 2 თებერვალს რაკეტა Space Launch System-ის ტესტირებისას თხევადმა წყალბადმა გაჟონა. მანამდე ინჟინრები აპარატის ცენტრალური ნაწილისთვის საწვავის მიწოდებაზე პასუხისმგებელ ინტერფეისში პრობლემის მოგვარებას რამდენიმე საათი ცდილობდნენ. ეს წარმატებით შეძლეს და ყველა ავზიც აავსეს, თუმცა დროის ათვლა ავტომატურად შეჩერდა, რადგან გაჟონილი თხევადი წყალბადის ოდენობა გაიზარდა. ამის გამო ფრენა მარტამდე ვერ განხორციელდებოდა.

რაკეტა SLS გამშვებ პლატფორმაზე.

ფოტო: Josh Dinner

რაკეტის მეორედ მომზადება 19 თებერვალს დაიწყეს და წინა მცდელობისას წარმოქმნილი პრობლემებიც წარმატებით აღმოფხვრეს, თუმცა 21 თებერვალს ტესტირებისას მოულოდნელად ჰელიუმის სისტემაში ხარვეზი დააფიქსირეს. ეს აირი რაკეტის მეორე საფეხურამდე ვერ აღწევდა, არადა ის ძრავების გასაწმენდად და საწვავის ავზების სათანადო წნევის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. შესაბამისად, მისია ისევ გადაიდო.

რაკეტის ხელახლა მომზადებისას ამჯერად პრობლემა არ წარმოქმნილა, ამიტომ სააგენტოს ფრენა აღარ გადაუვადებია. მისიაზე მომუშავე გუნდში აცხადებენ, რომ ყველა სისტემა მწყობრშია და ჰიუსტონში მყოფი ოპერატორთა ჯგუფიც მზადაა. ადგილზეა ეკიპაჟიც, რომლის წევრებსაც ფრენისწინა კარანტინის გავლა უკვე მესამედ მოუწიათ. ახლა მთავარია, მათ ამინდმა შეუწყოს ხელი. ბოლო პროგნოზით, 20%-ია შანსი, რომ სტრატოსფეროს ქვედა ნაწილში ხელისშემშლელი ღრუბლიანობა იქნება, თუმცა იმედი აქვთ, რომ ასე არ მოხდება.

ეკიპაჟის წევრები არიან რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. Artemis 2 ათდღიანი მისიაა, რომლის ფარგლებშიც ისინი მთვარეზე არ დაეშვებიან, არამედ მის ირგვლივ იმოგზაურებენ. შეიძლება იმაზე შორსაც წავიდნენ, ვიდრე ადამიანი ოდესმე ყოფილა.

პროექტის პირველი მისია Artemis 1 იყო, თუმცა ხომალდი Orion მაშინ (2022 წელს) უეკიპაჟოდ გაფრინდა; Artemis 3 მომდევნო წელს ჩაინიშნა, თუმცა მის ფარგლებში ასტრონავტები ციური სხეულის ზედაპირზე აღარ დაეშვებიან. სააგენტომ შეიძლება კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-იცა და Blue Origin-ის Blue Moon-იც გამოიყენოს (ან მათგან რომელიმე).

ამ აპარატებს ტესტირებისთვის დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაუშვებენ და ღია კოსმოსისთვის განკუთვნილ ახალ სკაფანდრებსაც გამოცდიან. ამის შემდეგ მთვარეზე ისტორიული დაშვება რამდენიმე თვეში იგეგმება. იდეალურ შემთხვევაში, 2028 წელს ორი ფრენა განხორციელდება: Artemis 4 და Artemis 5.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.