კარლ სეიგანის ინსტიტუტის (კორნელის უნივერსიტეტი, აშშ) მკვლევრებმა ჩვენთვის ცნობილი 45 ეგზოპლანეტა დაასახელეს, რომლებზეც სიცოცხლის წარმოშობის ალბათობა ყველაზე მაღალია. გუნდში ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტიც იყო. მათ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) Gaia-ს მისიიდან და NASA-ს ეგზოპლანეტების არქივიდან მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.

მეცნიერები სხვადასხვა მოცემულობას დააკვირდნენ: რა რაოდენობის სინათლეს იღებს ეს პლანეტები თავიანთი ვარსკვლავებიდან; რა ზომის, მასისა და ასაკისაა თითოეული; როგორია მათი ორბიტების ექსცენტრისიტეტი, ე.ი. რამდენად წრიული ან არაწრიულია ორბიტა.

6000 ეგზოპლანეტიდან "ემპირიული სასიცოცხლო ზონის" მქონე მხოლოდ 45 აღმოჩნდა, უფრო მკაცრად განსაზღვრული ზონის შემთხვევაში (ამას 3-განზომილებიანი სასიცოცხლო ზონა უწოდეს) კი — სულ რაღაც 24 ეგზოპლანეტა იპოვეს.

ზოგადად, ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, რომელ პლანეტაზეა სიცოცხლის არსებობის ალბათობა უფრო მაღალი. ნაშრომის ავტორების აზრით, პირველ რიგში ის უნდა გავარკვიოთ, საერთოდ სად უნდა ვეძებოთ სიცოცხლე.

"ვიცით, რომ დედამიწა სასიცოცხლოდ ვარგისია, ხოლო ვენერა და მარსი — არა. შეგვიძლია მზის სისტემა ორიენტირად გამოვიყენოთ, რათა ის ეგზოპლანეტები ვიპოვოთ, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავიდან ვენერაზე ნაკლებ და მარსზე მეტ ენერგიას იღებს", — განმარტა კვლევის თანაავტორმა, ებიგეილ ბოლმა.

გუნდის მიერ დასახელებული ეგზოპლანეტები საკმაოდ კარგი კანდიდატებია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ისინი შეიძლება სულაც არ იყოს სასიცოცხლოდ ვარგისი. საქმე ისაა, რომ სიცოცხლის ჩამოყალიბება რთული პროცესია, რომელსაც თან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი სდევს. მაგალითად, რამდენად შეუძლია მოცემულ პლანეტას ატმოსფეროს შენარჩუნება? გვხვდება თუ არა იქ შესაბამისი ქიმიური გარემო?

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ამ 45 პლანეტიდან სიცოცხლე არცერთზე იყოს, თუმცა გუნდმა მაინც შესანიშნავი შაბლონი წარმოადგინა, რომელიც სამომავლოდ მეცნიერებს სასიცოცხლოდ ვარგისი პლანეტების ძებნას გაუმარტივებს.

ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.