მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, სატურნის უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრი — ტიტანი — შეიძლება ორი სხეულის შეჯახებისა და შერწყმის შედეგად წარმოქმნილიყო. ამასვე უნდა გამოეწვია პლანეტის რგოლების ფორმირებაც.

მისია Cassini-ს მეშვეობით სატურნის მასის შიდა გადანაწილების შესახებ გავიგეთ. სწორედ ესაა ის, რაც პრეცესიას, ანუ ბრუნვის ღერძის ცვლილებას განაპირობებს. დეკადების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ პრეცესიის პერიოდულობით იგი ნეპტუნს ჰგავდა, რის გამოც მათ გრავიტაციულ ურთიერთქმედებას სატურნის ეტაპობრივად გადახრა უნდა გამოეწვია.

ამის მიუხედავად, ზონდის ბოლო მონაცემებმა აჩვენა, რომ აღნიშნული პლანეტის მასა ცენტრში იმაზე მეტაა კონცენტრირებული, ვიდრე ვარაუდობდნენ, ამიტომ მისი პრეცესიის ტემპი ნეპტუნისას არ შეესაბამება. ალტერნატიული ახსნის სახით მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ სატურნის გარშემო ადრე სხვა თანამგზავრიც იყო, რომელიც ტიტანის გავლენით ორბიტიდან გავარდა, დაიშალა და რგოლები წარმოქმნა. SETI-ს ინსტიტუტის მკვლევრებმა ეს იდეა კომპიუტერული სიმულაციებით შეამოწმეს. ყველაზე სავარაუდო სცენარი ტიტანისა და სხვა თანამგზავრის შეჯახება აღმოჩნდა.

ტიტანთან ორბიტალურად დაკავშირებული თანამგზავრი — ჰიპერიონი — ამ სისტემის წარსულის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ინახავს. სიმულაციებში ზემოხსენებული ობიექტის არასტაბილურობისას ჰიპერიონი მეტწილად ნადგურდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ მისი და ტიტანის ასეთი კავშირი დაახლოებით იმ პერიოდიდან დამყარდა, როცა დამატებითი თანამგზავრი გაქრა. ამან მეცნიერები დააფიქრა: იქნებ, ჰიპერიონი სწორედ შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა?

მეცნიერთა ახალი მოდელის თანახმად, ტიტანი "პროტო-ტიტანისა" და "პროტო-ჰიპერიონის" შერწყმამ წარმოქმნა, რაც მასზე კრატერების სიმცირესა და ქაოსურ ორბიტასაც ხსნის. "პროტო-ჰიპერიონს" თანამგზავრ იაფეტის ორბიტაზეც უნდა ემოქმედა, რის გარკვევასაც ასტრონომები დიდი ხანია, ცდილობენ.

რაც შეეხება სატურნის რგოლებს, შორეულ წარსულში მომხდარ შეჯახებასთან მათ კავშირზე ისედაც მსჯელობდნენ და ამაზე გარკვეულ მინიშნებებსაც მიაგნეს. რგოლების მაფორმირებელი ობიექტების შეჯახების მაპროვოცირებლად მზის ზემოქმედება მიაჩნდათ. ახალი კვლევის მიხედვით, მიზეზი სწორედ პროტო-თანამგზავრების შერწყმაა, რამაც ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია განაპირობა. კერძოდ, ამ მოვლენამ სისტემის სტაბილურობა დაარღვია და სხვა სხეულების კატასტროფული ურთიერთქმედება გამოიწვია.

ავტორთა ნაშრომი გამოცემა Planetary Science Journal-ში გამოსაქვეყნებლად მიიღეს, მანამდე კი ის arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.