ახალი კვლევის თანახმად, ჰალეის კომეტა ედმუნდ ჰალეის არ აღმოუჩენია
ფოტო: Shutterstock
ჰალეის კომეტის აღმომჩენად ედმუნდ ჰალეი მიიჩნევა, სწორედ ამიტომ ატარებს კომეტა მის სახელს. ახალი კვლევის თანახმად, ჰალეი პირველი არ ყოფილა, რომელმაც კომეტის ციკლი დააფიქსირა. აღმოჩნდა, რომ მე-11 საუკუნეში მღვდელმა, ეილმერ მალმესბერიელმა შენიშნა, რომ ათწლეულების დაშორებით დაკვირვებული ორი კომეტა სინამდვილეში ერთი და იგივე იყო.
ამის შესახებ მე-12 საუკუნეში მოღვაწე მემატიანის, უილიამ მალმესბერიელის ნაშრომებში ვკითხულობთ. ახალი კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეილმერმა კომეტის გამოჩენა ორივეჯერ საკუთარი თვალებით იხილა. მეცნიერებმა ისტორიული ანალიზი თავიანთ წიგნში წარმოადგინეს.
რამდენიმე საუკუნის შემდეგ ედმუნდ ჰალეიმ სისტემატური დაკვირვებისა და გამოთვლების საშუალებით დაადგინა, რომ 1531, 1607 და 1682 წლებში დაფიქსირებული კაშკაშა კომეტა ერთი და იგივე ობიექტი იყო, რომელიც ცის თაღზე რეგულარულად ბრუნდებოდა.
ამ კომეტას მოგვიანებით 1P/Halley ეწოდა. იგი მზის სისტემაში დაახლოებით 76 წელიწადში ერთხელ ბრუნდება. თავის დროზე ეს უზარმაზარი ასტრონომიული აღმოჩენა იყო.
კომეტის ერთ-ერთი ადრეული დაბრუნება 1066 წელს დააფიქსირეს, თანაც არამხოლოდ ევროპაში. ჩინელი ასტრონომები მას 2 თვეზე მეტხანს აკვირდებოდნენ. კომეტამ სიკაშკაშის პიკს 1066 წლის 22 აპრილს მიაღწია, თუმცა ბრეტანისა და ბრიტანეთის კუნძულების მცხოვრებლებმა მისი დანახვა 24 აპრილს შეძლეს. სხვათა შორის, ეს მოვლენა ბაიოს გობელენზეც გამოსახეს.
კომეტა 1066 წლის 6 იანვრიდან 14 ოქტომბრის განმავლობაში ჩანდა. ამ დროს ჰაროლდ გოდვინსონი მეფობდა. ეილმერ მალმესბერიელი იმ დროს ხნიერი უნდა ყოფილიყო. მან შენიშნა, რომ იგივე კომეტა 989 წელსაც ჰქონდა ნანახი. იმ დროს სავალდებულოდ მიიჩნეოდა, რომ მეფე გაფრთხილებულიყო: მაშინ ფიქრობდნენ, რომ კომეტის გამოჩენა კატასტროფას მოასწავებდა.
ახალი ნაშრომის ავტორები მიიჩნევენ, რომ ჰალეის კომეტას სახელი უნდა გადაერქვას, რადგან სინამდვილეში რამდენიმე საუკუნით ადრე აღმოაჩინეს.
ნაშრომი რეცენზირებული არ არის, მისი გაცნობა პრეპრინტების სერვერ arXiv-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები