Reuters-ის ცნობით, ილონ მასკს ხელოვნური ინტელექტის (AI) სტარტაპ xAI-სა და კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია SpaceX-ის გაერთიანება სურს.

ამ ეტაპზე არც გეგმის მიზანია ცნობილი და არც — ფინანსური დეტალები. ზოგი ვარაუდის მიხედვით, გაერთიანების მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ xAI-მ მონაცემთა ცენტრები დედამიწის ორბიტაზე გადაიტანოს. ტექნოლოგიურ ლიდერებს შორის ეს იდეა ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია იმის მიუხედავად, რომ ზოგი ექსპერტი ამას არაეფექტიანად მიიჩნევს.

"AI-ს განსათავსებლად ყველაზე იაფი ადგილი კოსმოსია", — განაცხადა ილონ მასკმა ინტერვიუში — "ამას ორ, მაქსიმუმ სამ, წელიწადში შევძლებთ".

მსგავსი გეგმა სხვა კომპანიებსაც აქვს, მაგალითად, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ს. ამ იდეით Google-ც დაინტერესებულია და იმედოვნებს, რომ მონაცემთა ცენტრის მზესთან უფრო ახლოს გადატანით ვარსკვლავის ენერგიით ისარგებლებს.

ნევადის შტატში ორი ეკონომიკური ობიექტი (მათ შორის, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რომელშიც SpaceX-ის ფინანსური დირექტორი, ბრეტ იონსენი, ფიგურირებს) დააფუძნეს, რომლებიც xAI-სა და SpaceX-ის აქციების გაცვლას უზრუნველყოფს. ანონიმურმა წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ გარიგების ფარგლებში შეიძლება xAI-ს ხელმძღვანელებმა SpaceX-ის აქციების ნაცვლად ფული მიიღონ.

SpaceX გასულ წელს xAI-ში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას დათანხმდა. გარდა ამისა, ორივე კომპანიამ პენტაგონთან მსხვილი თავდაცვითი კონტრაქტები გააფორმა — ამ წლის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა, განაცხადა, რომ პენტაგონის ქსელებში Grok (მასკის AI ჩატბოტი) იმუშავებს.

ამ ყველაფერთან ერთად, SpaceX ფართოზოლიანი ინტერნეტქსელ Starlink-ის ეროვნულ უსაფრთხოებაზე მორგებულ ვერსიას ავითარებს, რომელსაც Starshield ერქმევა. სავარაუდოდ, იგი სამიზნეებზე დასაკვირვებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს.

ასევე იხილეთ: ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მასკი თავის ბიზნესებს აერთიანებს. მაგალითად, გასულ წელს მან სოციალური მედია პლატფომა X (ყოფილი Twitter) და xAI გააერთიანა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.