ChatGPT შეიძლება რეკლამები დაემატოს — ვის შეეხება ცვლილება და როგორ ვისარგებლებთ ჩატბოტით
ფოტო: Getty Images
OpenAI-ს განცხადებით, აშშ-ში ზოგიერთ მომხმარებელს ChatGPT-ს გამოყენებისას რეკლამები შეხვდება. კომპანია ამ და სხვა ნაბიჯებით ჩატბოტის მონეტიზაციას ცდილობს.
ეს ცვლილება ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში იმუშავებს; მას ჯერ იმ მომხმარებლებზე გამოცდიან, რომლებიც უფასო და Go ვერსიებით სარგებლობენ. შესაბამისად, რეკლამები არ შეხვდებათ Plus, Pro, Business და Enterprise ვერსიების მომხმარებლებს. ახალი ფუნქცია მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გამოჩნდება.
ეს OpenAI-თვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ცნობილია, რომ ამ დრომდე კომპანია მოგების უდიდეს ნაწილ ფასიანი ვერსიებისგან იღებდა.
ცვლილების ცვლილების მიზეზი ისაა, რომ OpenAI-ს შემოსავლის ახალი წყარო სჭირდება, რადგან 2030 წლისთვის იგი AI ინფრასტრუქტურის შექმნას გეგმავს, ამის ხარჯი კი ტრილიონი აშშ დოლარი იქნება.
ანალიტიკოსების აზრით, რეკლამების დამატება მართლაც უზარმაზარ მოგებას მოიტანს: ChatGPT-ს ყოველკვირეულად დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი იყენებს. მეორე მხრივ, შესაძლოა, კომპანიამ ამ ფუნქციის დამატების შემდეგ ბევრი მომხმარებელი დაკარგოს.
"თუ ხალხი იგრძნობს, რომ რეკლამები მოუხერხებელი ან ოპორტუნისტულია, შეიძლება ბევრი მათგანი მეტოქე ჩატბოტებზე გადავიდეს, მაგალითად, Google-ის Gemini-ზე ან Anthropic-ის Claude-ზე", — განმარტა Emarketer-ის ანალიტიკოსმა, ჯერემი გოლდმენმა.
OpenAI-მ მკაფიოდ განაცხადა, რომ მომხმარებლების ნდობა მათთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. მათი თქმით, ჩვენს მიმოწერებს მარკეტოლოგებს არ გაუზიარებენ. ასევე, რეკლამები ჩატბოტის პასუხებზე არანაირ გავლენას არ იქონიებს.
ასევე იხილეთ: კომპანიები მილიონობით მომხმარებლის ჩატბოტებთან მიმოწერებს ყიდიან — სავარაუდო სქემა
რეკლამები ChatGPT-ის მიერ გაცემული პასუხების ბოლოში იქნება განთავსებული. ამასთანავე, მხოლოდ იმ პროდუქტების ან მომსახურებების რეკლამას იხილავთ, რომლებიც მიმოწერის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება თქვენთვის რელევანტური აღმოჩნდეს.
ისიც საგულისხმოა, რომ სენსიტიურ თემებთან (მაგალითად, ჯანმრთელობასთან ან პოლიტიკასთან) დაკავშირებული რეკლამები აიკრძალება, 18 წელს მიუღწეველ პირებთან კი რეკლამები საერთოდ არ გამოჩნდება.
ცნობისთვის, ChatGPT-ს Go ვერსია ჯერჯერობით მხოლოდ ინდოეთშია ხელმისაწვდომი. იგი მალე ამერიკაში მყოფთათვისაც გამოჩნდება, მისი ღირებულება კი 8 აშშ დოლარი იქნება. ეს შედარებით ბიუჯეტური ფასია, რაც, წესით, ბევრ მომხმარებელს მიიზიდავს, როგორც რეკლამების თავიდან არიდების იაფი გზა.
საბოლოოდ, OpenAI-სთვის ეს გადაწყვეტილება პოტენციურად სარისკოც იქნება და მოგებიანიც: რეკლამების დამატების შემთხვევაში, შესაძლოა, მათ ბევრი მომხმარებელი დაკარგონ, თუმცა ახალი AI ინფრასტრუქტურის ხარჯების დასაფარად ეს შეიძლება საუკეთესო გზა აღმოჩნდეს.
კომენტარები