უკვე ცნობილია, როდის განხორციელდება ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაცია"
ფოტო: JAXA/Kimiya Yui
NASA-მ განაცხადა, რომ ეკიპაჟი-11 საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე SpaceX-ის აპარატით დაბრუნდება. ეს "სამედიცინო ევაკუაციაა", რისი მიზეზიც ერთ-ერთი ასტრონავტის ჯანმრთელობის პრობლემა გახდა.
4-კაციანი ეკიპაჟი პლანეტისკენ 14 იანვარს გამოემართება. თუკი ასტრონავტებს ამინდი ხელს შეუწყობს, მათი კაფსული კალიფორნიის სანაპიროზე მომდევნო დღეს დაეშვება. ეს ადგილობრივი დროით 3:40-ზეა მოსალოდნელი.
NASA-მ ერთ-ერთი ასტრონავტის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 7 იანვარს გაავრცელა. მისი ვინაობა და ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემა არ გასაჯაროებულა, თუმცა სააგენტომ მისიის ნაადრევად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. გაუქმდა ღია კოსმოსში გასვლაც.
ასევე, იხილეთ: "სამედიცინო ევაკუაცია" კოსმოსურ სადგურში — ასტრონავტები შინ ვადაზე ადრე ბრუნდებიან
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ასტრონავტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სიფრთხილის ზომების მიღება საჭიროდ მიიჩნიეს. ეკიპაჟი-11 დედამიწის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში აგვისტოდან მოყოლებული იმყოფება და მათი მისია სულ მცირე 6 თვე უნდა გაგრძელებულიყო. ეს ასტრონავტები არიან: ზენა კარდმანი, მაიკლ ფინკი, კიმია იუი და ოლეგ პლატონოვი.
NASA-ში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მათგანის შეუძლოდ გახდომა სადგურში ან მის გარეთ ჩატარებულ სამუშაოებს არ უკავშირდება. ამის მიუხედავად, იქ სათანადო სადიაგნოსტიკო აპარატურა არაა, ამიტომ პრობლემის გამოკვლევა ადგილზე ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომაა საჭირო მისიის ნაადრევად დასრულება.
"ვინაიდან ასტრონავტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, ეს სასწრაფო ევაკუაცია არაა. ასტრონავტს შინ დაუყოვნებლივ არ ვაბრუნებთ, თუმცა არსებობს რისკი და კითხვები იმის შესახებ, თუ რა არის მისი დიაგნოზი", — აცხადებს NASA-ს სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი, ჯეიმს პოლკი.
ეკიპაჟ-11-ის გარდა, სადგურში 3 სხვა ასტრონავტია: კრის უილიამსი, სერგეი მიქაევი და სერგეი კუდ-სვერჩკოვი. 8-თვიანი მისიის ფარგლებში ისინი Soyuz-ის ტიპის რაკეტით კოსმოსური სადგურისკენ ნოემბერში გაუშვეს. მაიკლ ფინკი 74-ე ექსპედიციის მეთაურობას სვერჩკოვს გადააბარებს.
კომენტარები