მეცნიერებმა კოცნის ევოლუციური საწყისები აფრო-ევრაზიულ პრიმატებში შეისწავლეს, რომელთა შორისაც შიმპანზეები, ბონობოები, ჰომო საპიენსები (თანამედროვე ადამიანი) და ჩვენი ადრეული წინაპრები არიან. მათ დაადგინეს, რომ გრძნობის გამოსახატად ტუჩების შეხება დიდი ზომის მაიმუნების უმეტესობაში გვხვდება. აქედან ასკვნიან, რომ შეიძლება ეს ფენომენი დაახლოებით 21.5-16.9 მილიონი წლის წინ მცხოვრებ პრიმატში განვითარებულიყო.

პირველ რიგში, სპეციალისტები კოცნის განმარტებაზე შეჯერდნენ — ესაა ტუჩით ტუჩზე კონტაქტი, რომელიც არააგრესიულია და არც საკვების გადაცემას ემსახურება. შემდეგ მათ პრიმატებში ასეთი ქცევის შესახებ სამეცნიერო მონაცემები გააანალიზეს და ამ მახასიათებლის ქონა ან არქონა ევოლუციურ ხეზე მონიშნეს.

მკვლევრებმა სხვადასხვა ევოლუციური სცენარის სიმულირებისთვის სტატისტიკური მოდელირების მეთოდი გამოიყენეს. ამ გზით სურდათ გაეგოთ, რამდენად შესაძლებელია, რომ კოცნის ფენომენი ადრეულ პრიმატებშიც არსებულიყო. ანალიზი 10-მილიონჯერ გაიმეორეს, რათა შედეგების სიზუსტეში დარწმუნებულიყვნენ.

აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, კოცნა ძველი ქცევაა, რომელიც მოზრდილი მაიმუნების წინაპრებში დაახლოებით 21 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. ავტორების თქმით, ძლიერი მტკიცებულება გვაქვს იმისაც, რომ ერთმანეთს ჩვენთვის უფრო ახლო სახეობების წარმომადგენლებიც კოცნიდნენ, მაგალითად, ნეანდერტალელები.

მეტიც — აქამდე ჩატარებული კვლევებით ცნობილია, რომ ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები პირის ღრუს მიკრობებს იზიარებდნენ, რაც შეიძლება მათ შორის ნერწყვის მიმოცვლას უკავშირდებოდეს. ისიც ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები მათთან ჯვარდებოდნენ, რადგან ამ სახეობის გენები ადამიანთა დღევანდელ პოპულაციაშიც გვხვდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რატომ განვითარდა პრიმატებში ასეთი ქცევა. ის რაიმე მკაფიო რეპროდუქციულ ან გადარჩენის უპირატესობას არ იძლევა და, პირიქით, რისკებსაც კი შეიცავს (ინფექციის გადადება). ამის მიუხედავად, კოცნა მილიონობით წლის განმავლობაში შენარჩუნდა, ანუ შეიძლება რაღაც სარგებელი მართლაც მოჰქონდეს.

მართალია, კოცნას ევოლუციური საწყისები აქვს, მაგრამ ადამიანებში დღეს ის რთულ სოციალურ ნორმებთანაცაა დაკავშირებული და რომანტიკულ-სექსუალური დატვირთვით კულტურების მხოლოდ 46%-შია გავრცელებული.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Evolution and Human Behaviour გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.