"ყველა გზა რომში მიდის" — მეცნიერებმა ქალაქის უზარმაზარი საგზაო ქსელის რუკა შექმნეს
ფოტო: Itiner-e
მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა რომის იმპერიის ახალი რუკა შექმნა, რომელზეც 100 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაჭიმული ძველი საგზაო ქსელია ნაჩვენები. ისედაც ცნობილი იყო, რომ "ყველა გზა რომში მიდის", მაგრამ აქამდე მეორეხარისხოვანი გზები დეტალურად შესწავლილი არ ყოფილა.
"რომის გზების 200-წლიანი კვლევის განმავლობაში ძირითადი ყურადღება 'მაგისტრალებს' ექცეოდა, უსახელო გზების — 'სოფლის ბილიკების' — შესახებ ცოდნა კი მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება", — აცხადებენ ავტორები.
მათ მიერ შექმნილ ციფრულ რუკას Itiner-e ეწოდება; მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, დასახლებების როგორი შიდა კავშირები იყო რომის იმპერიაში დაახლოებით 150 წლისთვის. შედეგად მიღებული "გზების ატლასი" ისტორიულ-არქეოლოგიურ, ტოპოგრაფიულ და სარადარო ინფორმაციაზეა დაფუძნებული. ის მაღალი გარჩევადობის სივრცულ მონაცემებს მოიცავს, საჯაროა და ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი: https://itiner-e.org/.
რუკაზე წარმოდგენილი გზები თითქმის 300 000 კილომეტრზე ვრცელდება, რაც სხვა ამგვარი გამოსახულებების მასშტაბებს ორჯერ აღემატება, ეს ცხადად გვიჩვენებს, როგორი ძლევამოსილი იყო რომის იმპერია როგორც ეკონომიკურად, ისე კულტურულად და სოციალურად.
"ისტორიაში პირველად, ჭირს, ეკონომიკურ აღმასვლას ან ახალ რელიგიას 'კონტინენტური' მასშტაბის მიღწევა და მსოფლიოს შეცვლა შეეძლო", — ამბობენ მეცნიერები.
ამის მაგალითი ანტონინის ჭირია, რომელიც რომის იმპერიაში ჩვენი წელთაღრიცხვით 165 წელს გავრცელდა და, როგორც ნავარაუდებია, პოპულაციის 1/4 იმსხვერპლა. სპეციალისტების თქმით, იმ გზების შესწავლით, რომელთა მეშვეობითაც ეს ჭირი დასახლებებს მოედო, პანდემიის სოციალური გავლენის 2000 წლის წინანდელ რეალურ კვლევით მონაცემს ვიღებთ.
ავტორების განცხადებით, კიდევ ბევრი მეორეხარისხოვანი გზა უნდა არსებობდეს, რომლებიც გამოსავლენია. მათი ნაშრომი გამოცემაში Scientific Data გამოქვეყნდა.

კომენტარები