მკვლევრებმა გამოავლინეს, თუ როგორ განვითარდა შუმერული ცივილიზაცია
მეცნიერებმა შუმერული ცივილიზაციის განვითარების მიზეზები გამოავლინეს.
ფოტო: Shutterstock
ახლი კვლევა ანტიკურ მესოპოტამიაში ურბანული ცივილიზაციის წარმოშობის შესახებ საინტერესო შეხედულებებსა და ვარაუდობს წარმოაჩენს. როგორც ჩანს, შუმერების ცივილიზაციის განვითარება სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ კიდეზე მდინარეების, მოქცევისა და ნალექების რთული ურთიერთქმედების შედეგი იყო.
PLOS ONE-ში გამოქვეყნებული კვლევა ვუდს ჰოულის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტისა (WHOI) და კლემსონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. კვლევას ლივიუ ჯიოსანი და რიდ გუდმენი ხელმძღვანელობდნენ.
ახალი მოდელის თანახმად, მოქცევითი ძალები შუმერული სოფლის მეურნეობის ადრეულ ეტაპებს და რთული საზოგადოებების აღზევებას განსაზღვრავდა. ეს დასკვნები თანხვედრაშია ლაგაშის არქეოლოგიურ გათხრებთან, რომელიც ერაყელი არქეოლოგებისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
"ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ შუმერული ცივილიზაცია სიტყვასიტყვით და კულტურულადაც წყლის რიტმებზე იყო აგებული. მოქცევების ციკლური მერყეობა და დელტის მორფოდინამიკა — ანუ ის, როგორ იცვლება ლანდშაფტის ფორმა დროთა განმავლობაში დინამიკური პროცესების შედეგად — ღრმად იყო გადაჯაჭვული შუმერების მითებში, ინოვაციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში", — ამბობს ჯიოსანი.
ურის დიდი ზიგურატი, რომელიც მთვარის ღმერთს ეძღვნებოდა. ზიგურატები მესოპოტამიისთვის დამახასიათებელი მასიური ნაგებობები იყო. შუმერები თვლიდნენ, რომ ღმერთები ზიგურატების თავზე განთავსებულ ტაძრის ზემოთ ცხოვრობდნენ.
ფოტო: Reed Goodman, Clemson University
ცივილიზაციის აკვნის თავიდან წარმოდგენა
შუმერი უძველესი ცივილიზაცია იყო, რომელიც სამხრეთ მესოპოტამიაში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მას ხშირად ცივილიზაციების აკვნად მოიხსენიებენ. ეს მრავალი ინოვაციის გამო, მათ შორის დამწერლობის, ბორბლისა და ორგანიზებული სოფლის მეურნეობის შემუშავების გამო. შუმერული საზოგადოება სტრუქტურირებული იყო ქალაქ-სახელმწიფოებად, როგორიც იყო ური, ურუქი ან ლაგაში. თითოეულს თავისი მმართველი და რელიგიური ინსტიტუტები გააჩნდა.
კვლევა აჩვენებს, რომ დაახლოებით 7000-დან 5000 წლამდე სპარსეთის ყურე უფრო ღრმად იყო გადაჭიმული, ხოლო მტკნარი წყალი ხმელეთზე თავისუფლად აღწევდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადრეული საზოგადოებები ამ მოვლენას იყენებდნენ. მოკლე არხების საშუალებით ისინი კულტურებსა და ფინიკის ბაღებს რწყავდნენ, რაც მაღალი მოსავლიანობის სოფლის მეურნეობას მასშტაბური ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე უზრუნველყოფდა.
რადგან მდინარეებმა (ტიგროსი და ევფრატი) სპარსეთის ყურის თავში დელტები შექმნა, ტალღებს აღარ შეეძლო შიგნით მოხვედრა. ამ მოვლენამ ეკოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ამაზე საპასუხოდ შუმერებმა სარწყავი არხები და წყალდიდობისგან დამცავი სისტემები შეიმუშავეს. სწორედ ეს მასშტაბური სამუშაოები და ორგანიზებული წყალმომარაგების სისტემა იყო ის, რამაც შუმერების ოქროს ხანა განაპირობა — პერიოდი, როდესაც ქალაქები და სოფლები ძალიან განვითარდა.
"მესოპოტამიის დელტა იყო ის, რაც გამომგონებლობასა და განვითარებას მოითხოვდა. სწორედ ამან უბიძგა შუმერებს განვითარებისკენ. ამან ისტორიაში პირველი დიდი ცივილიზაციის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა", — ამბობენ მკვლევრები.
მითი, კულტურა და გარემოსდაცვითი მემკვიდრეობა
ამის გარდა მკვლევრებს აინტერესებდათ, თუ რა გავლენა იქონია ზემოთ ხსენებულმა მოვლენებმა შუმერების მითებზე.
"ფაქტია, გარემოს სწრაფმა ცვლილებამ უთანასწორობა, პოლიტიკური კონსოლიდაცია და პირველი ურბანული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიებიც გააჩინა. ჩვენ შევიმუშავეთ მოდელები, რომლების გამოყენებით გაგვიჩნდა წარმოდგენები, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ცვლილებები მაშინდელ საზოგადოებაზე", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ შესაბამისი მოვლენები შუმერულ მითებშიცაა გამჯდარი.
კომენტარები