რატომ არიან კაცები ქალებზე მაღლები? — რას გვეუბნება ახალი კვლევა
ფოტო: Roman Samborskyi/Shutterstock.com
საშუალოდ კაცები ქალებზე დაახლოებით 13 სანტიმეტრით მაღლები არიან. მიიჩნევა, რომ ამ სხვაობას ძირითადად სასქესო ჰორმონები და ზრდის გენები განაპირობებს. მეორე მხრივ, ამ საკითხზე ჩატარებული უამრავი კვლევის არსებობის მიუხედავად, ზუსტი გენეტიკური მექანიზმები დღემდე უცნობია.
ამ გაურკვევლობას უმეტესად ის იწვევს, რომ მეცნიერებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს ამოეცნოთ Y ქრომოსომაში არსებული ზრდის გენი (რომელიც მხოლოდ მამრობით სქესს აქვს).
ახალ კვლევაში 2 ნაშრომია ციტირებული. ორივე მათგანში ზრდასთან დაკავშირებულ გენს იკვლევენ, რომელიც SHOX-ის სახელითაა ცნობილი. ეს გენი ორივე სასქესო ქრომოსომაში (X და Y) გვხვდება, ამიტომ იგი კაცებსაც აქვთ და ქალებსაც. სწორედ ამიტომ, აქამდე ნაკლებად ვარაუდობდნენ, რომ კაცების სიმაღლეზე პასუხისმგებელი გენი შეიძლებოდა ის ყოფილიყო.
ამის მიუხედავად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ SHOX გენი კაცების ქსოვილებში გაცილებით მეტადაა გამოხატული, ვიდრე ქალებისაში. მაშასადამე, ეს გენი კაცებში უფრო აქტიურია, ამიტომ უკანა პლანზე იწევს ის ფაქტი, რომ იგი ზოგადად ორივე სქესში გვხვდება.
ამ მიგნებებს მეორე კვლევაც ადასტურებს, რომელშიც მეცნიერებმა 928 605 ადამიანის სიმაღლე და გენომური მონაცემები გამოიკვლიეს. მათგან 1 225-ს სასქესო ქრომოსომათა ანეუპლოიდია (სასქესო ქრომოსომათა ატიპიური რაოდენობა) ჰქონდა.
საინტერესოა, რომ ზედმეტ X ქრომოსომასთან შედარებით ზედმეტი Y ქრომოსომა სიმაღლეში დამატებით 3,1-სანტიმეტრიან ზრდასთან იყო დაკავშირებული. SHOX ამ ქრომოსომებში ზრდის ერთადერთი გენია, რომელიც ჩონჩხთანაა დაკავშირებული, ამიტომ ეს განსხვავება მხოლოდ გენის გამოვლინებით თუ აიხსნება.
იმავე კვლევამ აჩვენა, რომ SHOX გენის ანომალიების მქონე კაცები საშუალოდ 18,6 სანტიმეტრით დაბლები არიან, ქალები კი მხოლოდ 8,9-ით. ესეც იმას მოწმობს, რომ აღნიშნულ გენს კაცების სიმაღლეზე უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ქალებისაზე.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მკვლევრები განმარტავენ, რომ SHOX გენი შეიძლება სქესთაშორისი სიმაღლის განსხვავების გადამწყვეტი ფაქტორი არ იყოს. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სიმაღლესთან დაკავშირებულ სქესობრივ დიმორფიზმს სულ სხვა, ჯერაც უცნობი, გენები განაპირობებდეს.
ახალი კვლევა გამოცემაში Journal of Human Genetics გამოქვეყნდა.
კომენტარები