რატომ არ არსებობს ნობელის პრემია მათემატიკაში?
ფოტო: AntonSAN/Shutterstock.com
ყოველწლიურად ნობელის პრემია 6 სხვადასხვა დარგში გაიცემა: ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, მშვიდობის, ლიტერატურისა და ეკონომიკის. მაინც რატომ არ გვხვდება ამ ჩამონათვალში მათემატიკა?
არსებობს ერთგვარი ლეგენდა, რომ ალფრედ ნობელმა ეს დარგი სპეციალურად "გამოტოვა", რადგან მის საყვარელ ქალს, სოფი ჰესს, მათემატიკოს გიოსტა მიტაგ-ლეფლერთან რომანი ჰქონდა. ეს უბრალოდ მითია, რეალური მიზეზი კი ნაკლებად სენსაციურია.
ალფრედ ნობელი (1833-1896) შვედი ქიმიკოსი და გამომგონებელი იყო. მას იდეალისტური რწმენა ამოძრავებდა, რომ სამეცნიერო აღმოჩენებს მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა შეეძლო. ალბათ, ირონიულია, რომ მისი ყველაზე ცნობილი გამოგონება დინამიტია.
ნობელის სიკვდილისწინა სურვილი იყო, რომ შექმნილიყო ჯილდო, რომელიც იმ ადამიანებს გადაეცემოდა, რომლებმაც კაცობრიობისთვის სასარგებლო აღმოჩენა გააკეთეს. მის ანდერძში მხოლოდ 5 დარგი იყო ნახსენები, ეკონომიკა კი შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა მოგვიანებით, 1969 წელს, დაამატა.
რატომ არ უხსენებია ნობელს ანდერძში მათემატიკა? ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ნობელი პრაქტიკული მოაზროვნე იყო: მას გამოყენებითი მეცნიერება, ინჟინერია და ტექნოლოგიები ხიბლავდა. შესაძლოა, ის მათემატიკას ზედმეტად აბსტრაქტულად და თეორიულად მიიჩნევდა — ინჟინერიასა და გამოყენებით მეცნიერებებთან შედარებით ხომ მათემატიკის სარგებლიანობა ნაკლებად აშკარაა.
დღესაც კი მეცნიერება თითქოს ექსპერიმენტულ გარღვევებს ანიჭებს უპირატესობას და არა წმინდად თეორიულ ნაშრომებს. მაგალითად, განტოლებები და თეორია ფიზიკის უდიდესი ნაწილია, თუმცა ბოლო დროს ნობელის პრემია ძირითადად იმ მეცნიერებმა მიიღეს, რომლებმაც აღმოჩენები კვანტურ ტუნელირებასა (გვირაბული ეფექტი) და მანქანურ სწავლებაში გააკეთეს.
ასევე იხილეთ: ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია — რისთვის გადაეცათ მათ პრიზი
არსებობს მეორე ახსნაც: იმდროინდელ შვედეთში მათემატიკოსები ისედაც აღიარებულნი იყვნენ. საგულისხმოა ისიც, რომ მეფე ოსკარ II მათემატიკოსებს მთელი ევროპის მასშტაბით აჯილდოებდა.
საინტერესოა, რომ ნობელის პრემია არც ინჟინერიაში, ბიოლოგიასა და გარემოსდაცვით მეცნიერებაში არ არსებობს. გარდა ამისა, მათემატიკოსები ფილდსის მედალსა და აბელის პრემიას იღებენ. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ნებისმიერი აღმოჩენა, რომლისთვისაც ნობელის ჯილდო გაიცემა, ისევ და ისევ მათემატიკის მხრებზე დგას.
კომენტარები