მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაცებში ასაკთან ერთად სპერმაში არსებული მუტაციების რაოდენობაც იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მათ შვილებში უფრო მეტი შეცვლილი დნმ შეიძლება გადავიდეს და სხვადასხვა დაავადების რისკი წარმოშვას.

მუტაციები უჯრედების გამრავლებისას წარმოიქმნება და ისინი ან შემთხვევითია, ან გარემოსთან დაკავშირებული სტრესითაა პროვოცირებული. დროის გასვლის პარალელურად მუტაციები გროვდება, მაგრამ აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდით იმაზე, თუ როგორ აისახება ეს სპერმაზე. ახლა ბრიტანელმა მეცნიერებმა ამის შესასწავლად მაღალი გარჩევადობის მეთოდი გამოიყენეს, რომელსაც NanoSeq ეწოდება. მისი დახმარებით მათ 24-დან 75 წლამდე ასაკის კაცების სპერმა გააანალიზეს — მუტაციები და ის გენები, რომლებშიც ისინი დაფიქსირდა.

შედეგად გაირკვა, რომ უფრო ხნიერი კაცების სპერმაში მეტი მუტაცია იყო. ასევე, ზოგი მუტაცია მათ მატარებელ უჯრედებს სწრაფი გამრავლებისა და დიდხანს შენარჩუნების უნარს ანიჭებდა. დნმ-ის ასეთი ცვლილებებიდან ბევრი განვითარების დარღვევებთან და სიმსივნესთანაა დაკავშირებული.

ავტორებმა 57 ჯანმრთელი კაცის სპერმის 81 ნიმუში შეისწავლეს. მათგან ზოგი ტყუპი იყო, რაც მემკვიდრეობითი და ასაკთან ასოცირებული მუტაციების გამიჯვნის საშუალებას იძლევა. აღმოჩნდა, რომ 30-დან 40 წლამდე ასაკის ინდივიდების სპერმის დაახლოებით 2%-ში დაავადების გამომწვევი მუტაციები იყო; შუახნის ან მეტი ასაკის პირებში ეს მაჩვენებელი 3-5%-მდე გაიზარდა, 70 წლამდე ასაკის კაცებში კი — 4.5%-მდე.

მკვლევრებმა 40 ისეთი გენი გამოავლინეს, რომლებზეც მუტირებული უჯრედების გამრავლება აისახა (ე.წ. დადებითი სელექცია). ეს სპეციალისტებს მუტაციებისა და დაავადებათა რისკებს შორის კავშირის დადგენაში დაეხმარება.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ასეთი მუტაცია შთამომავლობას აუცილებლად არ გადაეცემა. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში ამან რეპროდუქციასაც კი შეუშალოს ხელი და ემბრიონის ჩამოყალიბება გაართულოს. ამის მიუხედავად, ბიოლოგიური მექანიზმის გარკვევა მნიშვნელოვანია.

ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.