სატურნის თანამგზავრის ოკეანეში სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული მოლეკულები აღმოჩნდა
ფოტო: Space Science Institute
ზუსტად ორი ათწლეულის წინ, Cassini-ს მისიამ აღმოაჩინა, რომ სატურნის ერთ-ერთი ყინულოვანი თანამგზავრის, ენცელადის ზედაპირის ქვეშ ღრმა ოკეანეა. მისიის წყალობით, ჩვენ შევიტყვეთ, რომ ენცელადი გეიზერებს გამოყოფს, რაც სატურნის კიდევ ერთ რგოლს, E რგოლს, ქმნის. ამ გეიზერებში მკვლევრებმა კომპლექსური ქიმიის კვალი აღმოაჩინეს და ახლა მათ აქვთ მკაფიო მტკიცებულება, რომ ეს მოლეკულები ოკეანიდან მოდის.
წინა ანალიზში მკვლევრებმა საინტერესო ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი პრებიოტიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სიცოცხლისთვის აუცილებელი მოლეკულების, მაგალითად, ამინომჟავების და ცილების კომპონენტების საშენი მასალაა. ეს ნაწილაკები ენცელადის სამხრეთ პოლუსიდან წამოსულ ტალღებთან არის დაკავშირებული. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ რთული მოლეკულები, შესაძლოა, ენცელადის ზედაპირზე წარმოიქმნას და შემდეგ გეიზერების სახით კოსმოსში აღმოჩნდეს.
მონაცემების უახლესი ანალიზი კი ადასტურებს, რომ მათი წარმომავლობა ოკეანურია. ყინულის მარცვლები 2008 წელს ხომალდის ერთ-ერთმა ინსტრუმენტმა, Cosmic Dust Analyzer-მა (CDA) დააფიქსირა.
Cassini NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი იყო. მის მიერ მოპოვებული მონაცემები აქტუალობას დღესაც არ კარგავს. CDA მთვარის ყინულოვანი ღრუბლების შესასწავლად არ იყო შექმნილი, მისი ძირითადი ფუნქცია სატურნის სისტემაში არსებული მტვრის გამოკვლევა იყო. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადისა და სხვა მოლეკულების შემცველი ნიმუშები აღადგინეს.
"ჩვენ ვიცოდით, რომ სატურნის E რგოლში პრებიოტიკური მოლეკულებია. ეს დაკვირვებებიდან დავინახეთ. მეორე მხრივ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი რეალურად ღრმად, ჭავლში დავაფიქსირეთ. ახლა ჩვენ ნამდვილად გვაქვს მტკიცებულება, რომ ენცელადის ოკეანეში არსებობს პრებიოტიკური კომპლექსური მოლეკულები", — განუცხადა ESA-ს წარმომადგენელმა, დოქტორმა იორნ ჰელბერტმა, IFLScience-ს.
ეს ენცელადის ოკეანეში სიცოცხლის არსებობის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ენცელადს აქვს ღრმა ოკეანე, იქ არის ჰიდროთერმული აქტივობა, ფიქსირდება ქიმიური შემადგენლობა და ახლა ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რთული მოლეკულები.
"საუბარია თხევად წყალზე, ენერგიის წყაროზე, ქიმიურ შემადგენლობაზე და კომპლექსურ პრებიოტიკურ მოლეკულებზე. არსებითად, ეს არის ყველაფერი, რაც სიცოცხლის ფორმირებისთვისაა საჭირო", — განუცხადა დოქტორმა ჰელბერტმა IFLScience-ს.
მკვლევრების თქმით, ენცელადზე სიცოცხლის არსებობის შანსები დიდია.
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ენცელადზე სპეციალური მისიით დაბრუნდება. უფრო სწორად, ორმაგი მისიით. თანამგზავრის გარშემო კოსმოსური ხომალდი იმოძრავებს და სადესანტო ხომალდი სამხრეთ პოლუსზე დაეშვება, იმ რეგიონში, სადაც ჭავლები გამოიყოფა. სხვა ყინულოვანი თანამგზავრებისგან განსხვავებით, გეიზერის წყალობით, ოკეანეში შეღწევა ბურღვის გარეშეა შესაძლებელი.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ ენცელადისკენ დაგეგმილი მისია.
ფოტო: ESA
"ენცელადი ერთადერთი ადგილია, სადაც რეალურად შეგვიძლია ოკეანის წყალთან შეხება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", — განუცხადა დოქტორ ჰელბერტმა IFLScience-ს.
მისია, რომელიც ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესშია, სატურნს მხოლოდ 2050-იანების შუა პერიოდში მიაღწევს. წარმატებული მისიისთვის მზის შუქია საჭირო, და საუკეთესო დრო დაშვებისათვის — ნაკლები დაბნელებების პირობებში — სწორედ მაშინ არის.
კვლევა, რომელსაც ნოზაირ ხავაჯა ხელმძღვანელობდა, ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები