ტრამპმა ორსულობისას პარაცეტამოლის მიღება აუტიზმთან დააკავშირა — მითი თუ რეალობა?
ფოტო: The Sun
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, რომელსაც ორსულობის დროს იღებენ, პარაცეტამოლია, იგივე აცეტამინოფენი. მსოფლიოს მასშტაბით მას ფეხმძიმეთა თითქმის ნახევარი მოიხმარს — მათ შორის აშშ-შიც, სადაც ის ტაილენოლის დასახელებით იწარმოება.
ახლახან ქვეყნის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურმა (FDA) განაცხადა, რომ პრეპარატს სიფრთხილის ახალი მარკირება დაემატება. მასში მინიშნებული იქნება, რომ ორსულობისას აცეტამინოფენის მიღებასა და ბავშვებში აუტიზმის ჩამოყალიბებას შორის "შესაძლო კავშირია". ამას პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, თუმცა სიტყვით გამოსვლისას ასეთი ფრთხილი ლექსიკა არ შეურჩევია. მან პირდაპირ თქვა (თანაც რამდენჯერმე): "არ მიიღოთ ტაილენოლი".
ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ეს რეალობისგან აცდენილია, რადგან ამგვარი ასოციაციის შესახებ არანაირი მკაფიო მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, მონაცემები, რომლებიც პარაცეტამოლის საწინააღმდეგო არგუმენტადაა გამოყენებული, არასაკმარისია. სპეციალისტების თქმით, ეს ადამიანები "რთულ კითხვებზე მარტივი პასუხის გაცემას ცდილობენ".
ასევე, იხილეთ: ყველაფერი, რაც აუტიზმზე უნდა იცოდეთ — სიმპტომები, დიაგნოსტირება, დახმარების გზები
საქმე ისაა, რომ აუტიზმს ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ აქვს, არამედ მის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. FDA-ის წარმომადგენელმა, მარტინ მაკარიმ, აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელ თვისებებთან ტვინისთვის ფოლიუმის მჟავის შეზღუდული მიწოდება შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამის მიუხედავად, ტრამპმა და რობერტ კენედი უმცროსმა (რომელიც ცნობილი ანტივაქსერია) სულ სხვა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება: აუტიზმთან აცეტამინოფენისა და ვაქცინების შესაძლო ასოციაციაზე.
ამ უკანასკნელის მცდარობაზე NEXT.On.ge-ს სხვა სტატიაში გიყვებით: ვაქცინაცია აუტიზმს არ იწვევს — აი, საიდან ვიცით ეს. რაც შეეხება პარაცეტამოლს, მის შესახებ მონაცემებს ქვემოთ გაგაცნობთ.
რამდენად დამაჯერებელი კავშირია აუტიზმსა და პარაცეტამოლს შორის?
მეცნიერების თქმით, სიღრმისეული კვლევებით არ დასტურდება, რომ ორსულობისას პარაცეტამოლის მოხმარება აუტიზმს იწვევს.
"ნაკლები შანსია, რომ უკეთესად კონტროლირებადი კვლევებისას თუნდაც მცირე რისკი აღმოაჩინონ. ასეც რომ არ მოხდეს, საუბარია მხოლოდ უმნიშვნელო ასოციაციაზე. არ მიგვაჩნია, რომ აცეტამინოფენის მიღება რაიმე სახით აუტიზმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს", — აცხადებს ბოსტონის უნივერსიტეტში მომუშავე ელენ ტაგერ-ფლუსბერგი, რომელიც აუტიზმს იკვლევს.
ამ საკითხის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაშრომის ავტორი, ვიქტორ ალკვისტი, ამბობს, რომ პრეპარატებსა და აუტიზმს შორის რაიმე კავშირი გამოვლენა ძალიან ძნელია. მიზეზი ისაა, რომ ასეთი მედიკამენტების უმეტესობა ურეცეპტოდ გაიცემა, ანუ მათ გამოყენებაზე ოფიციალური სამედიცინო მონაცემები არ მოგვეპოვება და ძირითადად ადამიანთა თვითშეფასებებს ვეყრდნობით, რომლებიც ხშირად სარწმუნო არაა.
არსებობს სხვა დამაბნეველი ფაქტორებიც. მაგალითად, ქალებს, რომლებიც ორსულობისას პარაცეტამოლს იღებენ, როგორც წესი, სხვებთან შედარებით ჯანმრთელობის უფრო არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ. შესაბამისად, აუტიზმთან პოტენციური კავშირი, შესაძლოა, სწორედ ამ მდგომარეობის გამო გამოიკვეთოს და არა თავად მედიკამენტის. მეცნიერები კვლევისას ასეთი დეტალების გათვალისწინებას ცდილობენ ხოლმე, მაგრამ, ალკვისტის შეფასებით, ეს მეტწილად არაეფექტიანია. სადავო შედეგების მიღების მიზეზად ის ამას ასახელებს.
ალკვისტის ხელმძღვანელობით შექმნილი ნაშრომი შვედეთში 1995-დან 2019 წლამდე პერიოდში დაბადებული დაახლოებით 2.5 მილიონი ბავშვის მონაცემებს შეიცავს. ასევე, მასში წარმოდგენილია ინფორმაცია ორსულობისას ექიმის მიერ გამოწერილი აცეტამინოფენის, ქალების მიერ პრეპარატის გამოყენების თვითშეფასებებისა და მათ შვილებში აუტიზმის დიაგნოზის დასმის შესახებ.
კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმი მედიკამენტთან შემხებლობაში მყოფი ბავშვების მხოლოდ 1.42%-ს დაუდგინდა. შედარებისთვის, იგივე დიაგნოზი იმ პატარების 1.33%-მა მიიღო, რომელთა დედებსაც ფეხმძიმობისას პარაცეტამოლი არ გამოუყენებიათ. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე მცირე სხვაობაა და არაფერს ამტკიცებს.
ავტორებმა დედების ამ ორი ჯგუფის მიერ გაჩენილი და-ძმების მონაცემებიც შეადარეს, ვინაიდან ისინი გენომის ნახევარს იზიარებენ და მუცლადყოფნისას სხვადასხვა ფაქტორის გავლენასაც ერთნაირად განიცდიან. აცეტამინოფენსა და აუტიზმს შორის ასოციაცია აქაც არ გამოვლენილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი "შესაძლო კავშირი" ზემოხსენებული დამაბნეველი ფაქტორების გამო გამოიკვეთა.
იგივე შედეგები აქვთ იაპონიაში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ავტორებსაც. მათ 200 000 ბავშვი შეისწავლეს და და-ძმების მონაცემებიც შეადარეს, თუმცა პრეპარატსა და აუტიზმს შორის ასოციაციას ვერ მოაგნეს.
არის სანდო კვლევები, რომლებიც კავშირს ავლენს?
გამოცემა Environmental Health-ში აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა რამდენიმე ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ გარკვეული კავშირი არსებობს.
ამის მიუხედავად, საწინააღმდეგო შედეგებია წარმოდგენილი თებერვალში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ამ საკითხის შესახებ მაღალი ხარისხის წყაროებს ეყრდნობა. მასში ავტორები აღნიშნავენ, რომ მუცლადყოფნისას პარაცეტამოლთან შემხებლობა აუტიზმის რისკს ვერ გაზრდის.
"არ არსებობს მტკიცე დასტური ან დამაჯერებელი ნაშრომები იმაზე, რომ რაიმე ცხადი კავშირი არსებობს. ნებისმიერი საპირისპირო დასკვნა ხშირად რაიმეთია მოტივირებული, მტკიცებულებების ნაკლებობას განიცდის და ყველაზე სანდო მეთოდებით არაა გამყარებული", — აცხადებს დარემის უნივერსიტეტის პროფესორი, მონიკა ბოტა.
"ვფიქრობთ, დამოუკიდებელი და სანდო მეცნიერება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ აცეტამინოფენის მიღება აუტიზმს არ იწვევს", — ამბობენ ტაილენოლის მწარმოებელ კომპანია Kenvue Inc-ში.
როგორ ავნებს ეს "გაფრთხილება" ორსულებს?
მეცნიერების თქმით, ძალიან მწირია ისეთი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მედიკამენტები, რომელთა გამოყენებაც ორსულობისას არის შესაძლებელი. მათ შორის პარაცეტამოლი ხანგრძლივი მოქმედებითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ პრეპარატის საწინააღმდეგო საუბრები "ძალიან დამაზიანებელია". ამის გამო, შესაძლოა, ფეხმძიმე ქალებში შიში გაჩნდეს, თანაც მეცნიერულად სრულიად უსაფუძვლო.
"სამწუხაროდ, ორსულებისთვის განკუთვნილი ტკივილგამაყუჩებლების მწვავე ნაკლებობაა. ფეხმძიმობისას პარაცეტამოლი ბევრად უსაფრთხო არჩევანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ალტერნატიული საშუალება", — თქვა მონიკა ბოტამ.
მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ მსგავსი კავშირის ხაზგასმა მშობლებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. კერძოდ, შესაძლოა, ამით დედების დადანაშაულებასა და სტიგმის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი.
მეცნიერების თქმით, ბოლო ათწლეულებში აუტიზმის მქონე ადამიანების რაოდენობის მატება სულ სხვა მიზეზითაა განპირობებული. ეს გახშირებული დიაგნოსტირებაა, რის შედეგადაც მეტი შემთხვევა ვლინდება; ასევე, უკანასკნელ დეკადებში სპეციალისტები დიაგნოზს არამხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც უსვამენ; შეიცვალა ექიმების მიერ კრიტერიუმების შეფასებისა და ინტერპრეტაციის მეთოდებიც, ხოლო აუტიზმის შესახებ ცნობიერება საგრძნობლად ამაღლდა.
შესაბამისად, პარაცეტამოლის "დადანაშაულება" მეცნიერულ საფუძველსაა მოკლებული.


კომენტარები