ისტორიაში პირველად, ფიზიკოსებმა დროის ხილვადი კრისტალი შექმნეს
ფოტო: Philipp Tur/iStock/Getty Images Plus
მეცნიერებმა შექმნეს დროის კრისტალი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია დავინახოთ. იგი ნეონისფერ ტალღოვან ზოლებად ჩანს. ამ მასალამ შეიძლება ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააჩინოს.
ექსპერტები თვლიან, რომ ხილვადი დროის კრისტალი ვიდეომანიპულაციების საწინააღმდეგო, შემთხვევითი რიცხვების გენერატორი, ორგანზომილებიანი შტრიხკოდებისა და ოპტიკური მოწყობილობების შემუშავებაში დაგვეხმარება.
"მათზე დაკვირვება პირდაპირ მიკროსკოპით, განსაკუთრებული პირობების გარეშე და შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია", — ამბობს კოლორადოს ბოულდერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჰანგიუნგ ჟაო.
დროის კრისტალები მეცნიერებაში ახალი ფენომენია. მათი არსებობა 2012 წელს თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა ფრენკ ვილჩეკმა იწინასწარმეტყველა. თავდაპირველად ზოგიერთმა მეცნიერმა ისინი ფიზიკის კანონების დამრღვევ კონცეფციად მიიჩნია, რომელიც თერმოდინამიკის ძირითად წესს ეწინააღმდეგებოდა. ამის მიუხედავად, 2016 წელს ამერიკელმა ფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთ ექსპერიმენტში მათზე დაკვირვება რეალურად შეძლეს.
ჩვეულებრივი კრისტალური მასალებისგან განსხვავებით მისი ატომები არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც მეორდება. ჩვეულებრივი კრისტალი, მაგალითად ალმასი ან კვარცი, ატომების მოწესრიგებული სტრუქტურაა, რომელიც სივრცეში პერიოდულად მეორდება.
დროის კრისტალის დროში გამეორება იმას ნიშნავს, რომ მისი ატომების მდგომარეობა პერიოდულად იცვლება. იგი გარკვეული მუდმივი რიტმით "მოძრაობს", რომელიც მაშინაც კი არ ჩერდება, როცა მასზე გარე ენერგია არ მოქმედებს.
დროის კრისტალებს ტექნოლოგიაში გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ მათი შესწავლა ბევრი მეცნიერისთვის საინტერესოა.
ახალ კვლევაში, ფიზიკოსებმა დროის კრისტალი თხევადი კრისტალებისგან შექმნეს. ეს ის მასალაა, რომელსაც საათებისა და ტელევიზორების ეკრანებად იყენებენ. ისინი ღეროს ფორმის მოლეკულებისგან შედგება და მათი ქცევა ნაწილობრივ სითხის, ნაწილობრივ კი კრისტალის მსგავსია.
ექსპერიმენტისას მეცნიერებმა თხევად კრისტალზე წნევა გაზარდეს. ამ ზეწოლამ თხევად კრისტალში გადახრები გამოიწვია და შედეგად მოძრაობის ისეთი ნიმუში წარმოქმნა, რომელიც საათობით მეორდებოდა. აღსანიშნავია, რომ სინათლისა და ტემპერატურის ცვლილებას არანაირი განსხვავება არ გამოუწვევია.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები დროის კრისტალად კლასიფიკაციის მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მკვლევრები ამბობენ, რომ ამით კვლევა არ დასრულებულა. მათი აზრით, დროის კრისტალის თვისებების შესწავლა სხვა მასალებში და სხვა პირობებშიც შეიძლება.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Materials-ში.

კომენტარები