შექსპირის დაკარგული თავის ქალის ისტორია — რა ვიცით
ფოტო: Getty
უილიამ შექსპირის შემოქმედება და ცხოვრება საიდუმლოებებითაა მოცული. მის პიესებს დღემდე იკვლევენ, 1616 წელს ცნობილი დრამატურგის სიკვდილის მიზეზი კი დღემდე არაა დაზუსტებული. ერთი თვით ადრე მან ანდერძი დაწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი თავს ჯანმრთელად გრძნობდა და მეხსიერებაც მწყობრში ჰქონდა. შესაბამისად, დეტალები არ ვიცით.
არსებობს ვარაუდი, რომ შექსპირმა კოლეგებთან — მაიკლ დრეიტონთან და ბენ ჯონსონთან — ერთად მოილხინა, ამ დროს კი ვირუსი შეეყარა და ცხელება დაეწყო. მეორე მოსაზრებით, ის ტიფმა იმსხვერპლა. ასეა თუ ისე, სიკვდილიდან ორ დღეში დრამატურგის ცხედარი სტენფორდ-აპონ-ეივონის სამების ეკლესიაში დაკრძალეს, სადაც მონათლული იყო.
შექსპირის საფლავის ეპიტაფიაში ვკითხულობთ, რომ ვინც ძვლებს ადგილს შეუცვლის, "დაწყევლილი" იქნება. ამით, ალბათ. მისი სამარხის გაფრთხილება სურდათ, თუმცა ეს, სავარაუდოდ, უშედეგო აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ 400 წლის შემდეგ იქ თავის ქალის კვალს ვერ მიაგნეს.
ფიქრობდნენ, რომ შექსპირი და მისი ცოლი, ენ ჰეთეუეი, დიდ მიწისქვეშა აკლდამაში იყვნენ დამარხულნი. ამის მიუხედავად 2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ეს ეკლესიის იატაკში არსებული, ზედაპირთან ახლომდებარე საფლავებია. სპეციალური რადარით სკანირებამ რაღაც უჩვეულოც გამოავლინა — თავის მხარეს მიწის ამოთხრისა და ხელახლა ჩაყრის ნიშნები. ასევე, იქ არქეოლოგებმა აგურის მსგავსი უცნაური სტრუქტურა დააფიქსირეს.
"ეს მიანიშნებს, რომ ისტორიის რომელიმე მომენტში ვიღაცამ შექსპირის თავის ქალა მოიპარა. ჩემთვის ძალიან სარწმუნოა, რომ თავის ქალა სამების ეკლესიაში საერთოდ არაა", — განაცხადა კვლევის ავტორმა, კევინ კოლსმა, მაშინ.
2016 წლამდეც იყო გამოთქმული ვარაუდი, რომ შექსპირის თავის ქალა მოპარულია. კერძოდ, 1879 წელს რევ ჩარლზმა ამის შესახებ ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ 100 წლით ადრე შექსპირის სხეულის ნაწილი ეკლესიაში შეჭრილმა მძარცველებმა წაიღეს. ლეგენდების თანახმად, ის ვუსტენშირის პატარა სოფლის ეკლესიაში ინახებოდა, მაგრამ იქ არსებული ძვლები 70 წლის ქალის აღმოჩნდა.
გამოდის, რომ შექსპირის თავის ქალა დღემდე დაკარგულია.
კომენტარები