ნახეთ ვიდეო: ჩილეში ვეშაპმა კაცი შთანთქა და შემდეგ უვნებლად გადმოაფურთხა

ფოტო: Giles Laurent
სამხრეთ ჩილეში კუზიანმა ვეშაპმა კაიაკისტი წამიერად შთანთქა, შემდეგ კი უვნებლად გადმოაფურთხა. ამ წარმოუდგენელი შემთხვევის ამსახველი კადრები კამერით დააფიქსირეს და ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.
ედრიენ სიმანკასი პატაგონიის ქალაქ პუნტა-არენასის მახლობლად ნიჩბოსნობდა, როდესაც გიგანტური ვეშაპი უეცრად წყლიდან ამოიჭრა და კაცთან ერთად მისი ყვითელი კაიაკიც მთლიანად ჩაყლაპა. ხუთი წამის შემდეგ გაოგნებული სიმანკასი წყლის ზედაპირზე გამოჩნდა. დაახლოებით იმავე დროს ამოყო თავი ვეშაპმაც.
"მეგონა, რომ ჩამყლაპა!", — აღელვებით შესძახა სიმანკასმა. ეს დაუჯერებელი მომენტი კაიაკისტის მამამ აღბეჭდა და ვიდეო სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა. კადრებში ისმის, როგორ ამშვიდებს შეშინებულ შვილს დელ სიმანკასი. "კაიაკი დაიჭირე!", — ეუბნება იგი ედრიენს, რომელსაც ურჩევს, რომ ნავი არ გაუშვას და წყალზე დარჩეს, რადგან ვეშაპი ჯერ კიდევ იქვე დაცურავს.
24 წლის კაიაკისტმა მოგვიანებით ჩილეს ტელეარხ TVN-ს მოუყვა, რომ იმ მომენტში რაღაც ლურჯ-თეთრმა არსებამ სახესთან ძალიან ახლოს ჩაუარა.
"ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, შემდეგ კი ჩავიძირე. წამით მართლა დავიჯერე, რომ ვეშაპმა ჩამყლაპა", — იხსენებს იგი.
მისი მამა ყველაზე საშიშ მომენტს ასე აღწერს:
"სწორედ მაშინ ვიგრძენი ნამდვილი შიში, როცა სამი წამის განმავლობაში ედრიენს საერთოდ ვერსად ვხედავდი. მოულოდნელად მან წყლიდან ამოყვინთა", — განუცხადა დელ სინამკასმა TVN-ს.
ექსპერტების განმარტებით, ეს უზარმაზარი არსება ადამიანს ფიზიკურად ვერ გადაყლაპავდა, რადგან კუზიან ვეშაპებს ძალიან ვიწრო ყელი აქვთ. როგორც ჩანს, კაიაკი პირდაპირ იმ ადგილას მოხვდა, სადაც ვეშაპი საკვებს ეძებდა, მაგრამ თევზების მაგივრად შემთხვევით ადამიანი შთანთქა.
"ასეთი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია და ძირითადად მაშინ ხდება, როცა წყალში ჩუმი და მცირე ზომის ნავებით, მაგალითად კაიაკებით, დაცურავენ", — ამბობს ბიოლოგი მარია პერესი.
კომენტარები