რომელია გველების ყველაზე ჭკვიანი სახეობა?

ფოტო: Shutterstock.com
ცხოველთა გონებრივი შესაძლებლობები საინტერესო და ხშირად საკამათო საკითხია. მაგალითად, განხილვის საგანია, რამდენად "მგრძნობიარეა" ზოგიერთი სახეობა ან აქვთ თუ არა რთული აზროვნების უნარი. რამდენიმე არსება ამ კუთხით უკვე შესწავლილია და გასაოცარი შედეგებიც ვიხილეთ, მაგალითად ფუტკრებისა და შავარდნების შემთხვევაში, მაგრამ რა ვიცით გველებზე?
გველები ქვეწარმავლების ერთ-ერთი უძველესი ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ ცივსისხლიანები არიან, ისინი ყველა კონტინენტზე გვხვდებიან, გარდა ანტარქტიდისა. გველების ნამარხები დაახლოებით 143-დან 167 მილიონ წლამდე თარიღდება, რაც ადასტურებს, რომ ისინი ხმელეთსა და წყალში ბევრად უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე ადამიანთა ნებისმიერი წინაპარი. თუ გონებრივ შესაძლებლობებს ადაპტაციის, გადარჩენისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით შევაფასებთ, გველები საუკეთესოთა შორის არიან.
რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის უნარს, სამეფო კობრა ხშირად განიხილება, როგორც გველებს შორის ყველაზე ჭკვიანი. ისინი მიეკუთვნებიან Ophiophagus-ს გვარს, რომლის სახელიც ბერძნულად "გველისმჭამელს" ნიშნავს. ადრე მიიჩნეოდა, რომ მასში მხოლოდ ერთი სახეობა შედიოდა — Ophiophagus hannah, თუმცა ახლა ვიცით, რომ ოთხი სხვადასხვა სახეობა არსებობს. საინტერესოა, რომ ეს სამეფო კობრები ნამდვილი კობრების გვარში სულაც არ ერთიანდებიან.
სამეფო კობრა 5.6 მეტრამდე იზრდება, რაც მას მსოფლიოში ყველაზე გრძელ შხამიან გველად აქცევს. ის მთელ აზიაშია გავრცელებული, ინდოეთ-ჩინეთიდან ფილიპინებამდე და ზონდის კუნძულებამდე. ეს ქვეწარმავლები ძლიერ ნეიროტოქსიკურ შხამს წარმოქმნიან, რომელსაც ნერვული სისტემის პარალიზება შეუძლია. კერძოდ, ზრდასრული სპილოს ან 20 ადამიანის მოსაკლავად მხოლოდ ერთი კბენაა საკმარისი.
ასეთი ზომისა და შხამიანობის მიუხედავად, სამეფო კობრები ფრთხილი და საოცრად გონიერი არსებები არიან. როგორც აქტიური მტაცებლები, ისინი ამ უნარს მსხვერპლის მოსახელთებლადაც იყენებენ. მათი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ ფორმალური კვლევები მწირია, თუმცა ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ მათ შეუძლიათ გაიხსენონ გარემო, ამოიცნონ "პატრონები" (ვისაც დამწყვდეული ჰყავს) და სამედიცინო გამოკვლევების დროს მარტივი დავალებებიც შეასრულონ.
საინტერესოა, რომ სამეფო კობრა ერთადერთია, რომელიც თავისი ნაშიერებისთვის საბუდარს აშენებს. ისინი ამისთვის მცენარეებს იყენებენ, რათა კვერცხები დაიცვან. ეს ქცევა, მათ მტაცებლურ სტრატეგიებთან ერთად, უნიკალურია, მაგრამ ადამიანების, ადგილების ან რუტინული პროცესის ამოცნობის უნარი გველებში გავრცელებულია.
აქტიური მტაცებლები, მათ შორის ასპიტისებრნი, ნადირობისას მაღალ "ინტელექტს" ავლენენ. ჩასაფრების სტრატეგიის მქონე სახეობები კი თავიანთი გარემოსა და რუტინის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. ხშირად მაგალითად, ადამიანები გველებს აკვარიუმზე დაკაკუნებით ანიშნებენ, რომ ჭამის დროა. ქვეწარმავლების უმეტესობა ამას მარტივად იმახსოვრებს.
და მაინც, სამეფო კობრები გამორჩეულად ჭკვიანებად მიიჩნევიან, რასაც მათი ვიზუალური მახასიათებლებიც უწყობს ხელს.
კომენტარები