2024 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელ წლად დასახელდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შარშან გლობალურმა ტემპერატურამ, ინდუსტრიულ პერიოდამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 1.5°C-ით პირველად მოიმატა. ევროკომისიის კოპერნიკის კლიმატის სამსახური აღნიშნავს, რომ 2024-ში საშუალო წლიური ტემპერატურა 1.6°C-მდე გაიზარდა, რაც სათბურის აირების რეკორდულად უხვი ემისიის შედეგია.

დედამიწაზე კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე აშკარაა. პლანეტის სხვადასხვა ნაწილში უპრეცედენტო სიცხეები, ქარიშხლები, გვალვები, წყალდიდობები და ტყის ხანძრები ფიქსირდება, რაც მილიონობით ადამიანის საცხოვრებელ არეალსა და პირობებზე აისახება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კაცობრიობა სერიოზულ კრიზისს უახლოვდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელმა პარიზის შეთანხმებით დადგენილ 1.5°C-იან ზღვარს უკვე გადააჭარბა, რაც შეთანხმების მიზნის მიღწევას საგრძნობლად ართულებს.

კლიმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ 2°C-იანი დათბობა კიდევ უფრო დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. ასეთ პირობებში გრენლანდიისა და დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის დნობის რისკი გაიზრდება, ხოლო ხანგრძლივი გვალვები, ექსტრემალური თბური ტალღები და უამინდობა გახშირდება.

2024 წლის რეკორდულ ტემპერატურაზე ნაწილობრივი გავლენა ელ ნინიომ იქონია — კლიმატურმა ციკლმა, რომელიც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ წყლებს ათბობს და ჩვეულ გლობალურ ამინდს ცვლის. აღსანიშნავი ისაა, რომ ტემპერატურა წინა დონეს ამ ციკლის დასრულების შემდეგაც არ დაჰბრუნებია, რამაც მეცნიერებს უბიძგა, დამატებით ფაქტორებზე ეფიქრათ. განიხილება ისეთი მოვლენები, როგორიც ატმოსფერული ღრუბლების შემცირებაა.

მართალია, ყოველი მომდევნო წელი რეკორდულად ცხელი ვერ იქნება, მაგრამ გრძელვადიანი ტენდენცია აშკარაა — დედამიწის ტემპერატურა მზარდია. მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ კაცობრიობას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ამ მოვლენების კურსი შეცვალოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.