როგორ გაჩნდა დამწერლობა — კვლევა
როგორ გაჩნდა დამწერლობა და როდის დაიწყო ადამიანმა აზრების რთული სიმბოლოების საშუალებით გამოხატვა? ამ თავსატეხზე პასუხს, შესაძლოა, ახლახან მესოპოტამიის უძველესი არტეფაქტის სახით მიაგნეს.
შემდეგი პოდკასტი: დამწერლობის ევოლუცია — როგორი იქნება წიგნის მომავალი
უძველესი ქალაქი, სახელად ურუქი, ძვ.წ. 3500 წელს ჩამოყალიბდა. ამ ქალაქს უდიდესი გავლენა ჰქონდა მდინარე ტიგროს-ევფრატის რეგიონის უზარმაზარ ნაწილზე დღევანდელი ირანიდან თურქეთამდე.
სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული უამრავი ინოვაცია, მათ შორის პროტო-ლურსმული დამწერლობა. მანამდე ქალაქში სიმბოლოთა სხვა სისტემა გამოიყენებოდა. პიქტოგრაფიული ნიშნები გამოიყენებოდა თიხის ტაბლეტებზე გრავირებული ცილინდრის ბეჭდის სახით.
ძვ.წ. 3 500 წელს მსგავსი მიდგომა გამოიყენებოდა სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლის წარმოებისთვის, შენახვისთვისა და ტრანსპორტირებისთვის. ძირითადად ასე ხდებოდა მოსავლისა და საქონლის აღრიცხვა.
მკვლევრებს გამოვლენილი აქვთ ასობით პიქტოგრაფიული ნიშანი, რომლებიც პროტო-ლურსმულ დამწერლობაში გამოიყენებოდა, თუმცა მათი ნახევარზე მეტი დღემდე გაუშიფრავია.
ვარაუდობენ, რომ ასეთმა მეთოდმა საფუძველი ჩაუყარა დამწერლობის გამოგონებას, თუმცა ამ ყველაფრის ზუსტი ისტორია ბოლომდე არ არის გამოკვლეული.
ბოლონიის უნივერსიტეტის ახალ კვლევაში აღნიშნულია, რომ მკვლევრები პიქტოგრაფიულ სიმბოლოებსა და პროტო-ლურსმულ ფორმებს შორის არსებული უფსკრულის ახსნას ცდილობდნენ.
"ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით ტოპოგრაფიულ გამოსახულებებზე, რომელიც წარმოიშვა დამწერლობის გამოგონებამდე. ამან ტოპოგრაფიიდან ლურსმულ დამწერლობაზე გადასვლის ნიშნების გამოვლენის საშუალება მოგვცა", — თქვეს კეტრინ კელიმ და მატია კარტოლანომ, ბოლონიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და კვლევის თანაავტორებმა.
აღმოჩენები აჩვენებს, რომ ამოტვიფრული ნახატები პირდაპირ კავშირშია სამხრეთ ერაყში პროტო-ლურსმული ფორმის დამწერლობის განვითარებასთან.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სიმბოლოები იყო პროტო-ლურსმული ნიშნების პირდაპირი წინაპარი, რომელიც შემდეგ გარდაისახა ლურსმულ ფორმად, წერილობითი ენის უძველეს ცნობილ ფორმად.
"დამწერლობის გამოჩენა ასრულებს პრეისტორიულ პერიოდს და ჩნდება ისტორია. ამ გარდამავალი პერიოდის შესწავლა კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — აღნიშნულია კვლევაში.
ცნობისთვის, დამწერლობის ცნება ფართოა და ის მხოლოდ ენის ბგერით ელემენტებს არ მოიცავს. ის გვხვდებოდა ნახატებისა და გრაფიკული სიმბოლოების სახითაც.
ადამიანს დამწერლობა ერთბაშად არ შეუქმნია, ის დროთა განმავლობაში და საჭიროებებიდან გამომდინარე ვითარდებოდა. ჩვენ ვიცით, რომ თავიდან უნდა ყოფილიყო სიმბოლიკა და უკვე დროსთან ერთად გაჩნდა ის, რასაც დღეს ჩვენ დამწერლობას ვეძახით.
ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა შექმნეს. ეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რამაც ადამიანის ფიქრები უკვდავყო.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები