წყლის დათვები რადიაციის მიმართ რეზისტენტულები არიან — როგორ
ჩვენ ვიცით, რომ პაწაწინა წყლის დათვები ერთ-ერთი ყველაზე გამძლე არსებები არიან. და, აი, ახლა წყლის დათვების ახლად აღმოჩენილმა სახეობამ უფრო მეტი გვითხრა იმაზე, თუ როგორ უძლებენ ეს მინიატიურული არსებები მომაკვდინებელ რადიაციას.
ჩინელმა მკვლევრებმა ახლად აღმოჩენილი სახეობა (Hypsibius henanensis) ყურადღებით შეისწავლეს, რა დროსაც 14 701 ცილის გენი აღმოაჩინეს. მათგან 4 436 (30.2%) უნიკალური იყო წყლის დათვებისთვის.
მკვლევრებმა წყლის დათვები რადიაციის ქვეშ მოაქციეს და დააკვირდნენ თუ როგორ იმოქმედებდა ეს მათზე.
"ამ სახეობებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ისინი რადიაციას ყველაზე კარგად უძლებენ. მაგალითად, მათ ათასჯერ უფრო ძლიერი რადიაციისთვის გაძლება შეუძლიათ, ვიდრე ეს ადამიანს", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
ჯგუფმა სამი მნიშვნელოვანი დაკვირვება გააკეთა. პირველის მიხედვით, გენი სახელად DODA1, რომელიც პოტენციურად გადაიცემა ბაქტერიებისგან, აწარმოებს პიგმენტებს, რომლებიც ცნობილია როგორც ბეტალაინი. ეს მავნე მოლეკულების განეიტრალებას უწყობს ხელს, რომლებიც წარმოიქმნება რადიაციის შედეგად.
მეორე დაკვირვების თანახმად, დნმ-ის აღდგენა მოხდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ. ეს წყლის დათვის სპეციფიკური ცილის (TRID1) წყალობით მოხდა. რაც შეეხება მესამე დასკვნას, ხსენებული აქტივობა ორი სხვა ცილის, BCS1-ისა და NDUFB8-ს ხარჯზე მოხდა.
ერთად შერწყმული ეს სამი პროცესი, რომლებიც წარმოიქმნება რადიაციის საპასუხოდ, ხელს უწყობს წყლის დათვების დაცვას რადიაციის საშიში ზემოქმედებისგან.
წყლის დათვების დაახლოებით 1 500 სახეობა არსებობს და ყოველი მათგანის შესაძლებლობების შესწავლა მნიშვნელოვანია. ამით ბევრად მეტი შეიძლება შევიტყოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი რადიაციისგან ექსტრემალურ გარემოში.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ წყლის დათვები პირველად დაახლოებით 541 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. ფაქტია, ამ სახეობამ ძალიან დიდ დროს გაუძლო და მათგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.
კვლევა Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები