ხელისუფლების 5 ნარატივი ახალგაზრდების წინააღმდეგ — რას გვეუბნება ახალი კვლევა
ZINC Network-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ხელისუფლების იმ ტაქტიკებს იკვლევს, რომელიც ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფად გახლეჩით მათ გადაბირებას ან მარგინალიზაციას ემსახურება.
კვლევის მიხედვით, 2023 წლის საპროტესტო აქციების შემდგომ, სახელმწიფო პროპაგანდამ ახალგაზრდების რამდენიმე ნაწილად დახლეჩის მიზნით აქტიური მუშაობა დაიწყო — მმართველი პარტია ახალგაზრდებთან მიმართებით რამდენიმე ტაქტიკას იყენებდა, რათა ისინი პროტესტისათვის ჩამოეშორებინა. ქართული ოცნება "მოთაფვლისა და დასჯის" პრინციპით მოქმედებდა — ახალგაზრდების ნაწილის მიმხრობას სტიპენდიებითა და კულტურული ღონისძიებებით ცდილობდა, ხოლო დაუმორჩილებელ ნაწილს აქტიურად სჯიდა — ცდილობდა მათ მარგინალიზებას და პროტესტში მონაწილეთა დიდ ნაწილს სასამართლოს გზით ჯარიმაც დაუწესა.
პროტესტების ძალადობრივად და ფართო დესტაბილიზაციის გეგმად წარმოჩენა
2023 წლის მარტის და 2024 წლის აპრილის პროტესტებს სამთავრობო პროპაგანდა ძალადობრივად და სახელწიფოს სტაბილურობისთვის საფრთხის შემქმნელად წარმოაჩენდა. 2024 წელს, ნარატივი პროტესტის ძალადობრივ ბუნებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაძლიერდა და მმართველი პარტიის ფოკუსში "უცხო ძალები" მოექცნენ. სამთავრობო პროპაგანდა ახალგაზრდების პროტესტს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ მართულად და "გლობალური ომის პარტიის" მიერ ორგანიზებულად წარმოაჩენდა.
ორივე წელს, სახელისუფლებლო პროპაგანდა საპროტესტო აქციების უკრაინულ „მაიდანთან“ დაკავშირებას ცდილობდა. 2023 წელთან შედარებით 2024-ში, აღნიშნული გზავნილი მეტად გააქტიურდა და შეთქმულების თეორიაში ტრანსფორმირდა, რომლის მიხედვითაც აქციების მიზანს დესტაბილიზაცია და რევოლუცია წარმოადგენდა. მოცემული ნარატივი, პროტესტისა და უშუალოდ დემონსტრანტების ძალადობრივად წარმოჩენით, აქციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
ანტიდასავლური პროპაგანდა ახალგაზრდებისა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ
კვლევის თანახმად, 2024 წელს ანტიდასავლური პროპაგანდა პროსახელისუფლებო წყაროების მხრიდან ახალგაზრდებისა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკვეთრად გამწვავდა.
ქართული ოცნების ნარატივში აშშ და ევროკავშირი საზიანო ღირებულებების გამავრცელებლად მოიხსენიებოდა. რა თქმა უნდა, სამთავრობო პროპაგანდა სპეკულირებდა ლგბტ-ის საკითხით და დასავლეთს ქართველი ახალგაზრდების "მორალურ დეგრადაციის" მცდელობაში ადანაშაულებდა.
აღნიშნული ნარატივი რუსული კანონის მიღების არგუმენტად აქტიურად გამოიყენებოდა და ის საქართველოს დასავლეთის ქვეყნებისა და ინსტიტუტების ჩარევისგან დაცვის მექანიზმად იყო წარმოჩენილი.
აქციებისა და ახალგაზრდების ოპოზიციურ პარტიებთან გაიგივება
კვლევაში ერთ-ერთ მიგნებად დასახელებულია ის, რომ ქართული ოცნება პროტესტებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და "რადიკალური" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მართულად წარმოადგენდა.
ამ კონტექსტში მმართველი პარტია ახალგაზრდებს თავისუფალი ნების არმქონედ, "მართულებად" წარმოაჩენდა — ამ გზით ოცნების ლიდერები თავს არიდებდნენ ახალგაზრდების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებას და, პირიქით, მათზე მზრუნველი ძალის მანტიასაც ირგებდნენ.
ახალგაზრდების მორალური დისკრედიტაცია
როგორც აღინიშნა, 2024 წელს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ახალგაზრდებისა და საპროტესტო აქციების ლგბტ+ თემთან გაიგივებას უკავშირდებოდა, რაც კონსერვატორული მოსახლეობის თვალში მათ დისკრედიტაციასა და უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ემსახურებოდა.
ბუნებრივია, როგორც წინა პროტესტების შემთხვევაში, ქართული ოცნება ამ შემთხვევაშიც რელიგიური თემატიკით დისკრედიტაციის ბერკეტს იყენებდა, რაც 2024 წლის აქციებზე განსაკუთრებით გააძლიერა პროტესტის სლოგანმა "ენა, მამული, ერთობა". პროპაგანდა უფროს თაობას საზოგადოების მეტად განათლებულ და ინტელექტუალურ ნაწილად წარმოაჩენდა, რითაც თაობებს შორის დაპირისპირების კულტივირებას ეწეოდა.
პოლიციის ძალადობის გამართლება
ბოლოს კი, ქართულმა ოცნება პოლიციის ძალადობის გამართლებაზეც არ თქვა უარი, რისთვისაც ახალ ტაქტიკას, დასავლური ძალოვანი უწყებების სტანდარტებთან შედარებას მიმართა.
პროსახელისუფლებო პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ პოლიცია, დასავლურ ქვეყნებთან შედარებით, მეტად ლმობიერად მოქმედებდა და პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება აუცილებლობად იყო წარმოჩენილი. 2024 წელს, 2023 წლისგან განსხვავებით, მეტად გამოიკვეთა გზავნილები, თითქოს პოლიცია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მდელობას უპირისპირდებოდა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისგან იცავდა.
საბოლოოდ, ZINC Network-ის კვლევამ გამოკვეთა, რომ ხელისუფლება ახალგაზრდების მუხტს სერიოზულად უყურებს და მას ხელსაწყოების საკმაოდ მრავალფეროვანი არსენალით დაუპირისპირდა — როგორც ახალი, ისე ტრადიციული მეთოდებით, ქართული ოცნება ახალგაზრდების პროტესტის დაქუცმაცებას და მათი ნაწილის მიმხრობას ცდილობს.
მასალა მომზადებულია "კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის" დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ.
კომენტარები