ფლორიდას "ბოლო 100 წელში ყველაზე მძლავრი" ქარიშხალი უახლოვდება — რა ვიცით
ფლორიდას შტატს ბოლო 100 წელში ყველაზე მძლავრი ქარიშხალი უახლოვდება. სიტუაცია საგანგაშოა და მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქარიშხლის გამო გერმანიაში ვიზიტი გადადო.
"ქარიშხალი მილტონის სავარაუდო ტრაექტორიისა და სიმძლავრის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გადადო ვიზიტები გერმანიასა და ანგოლაში, რათა თავად უხელმძღვანელოს ქარიშხალი მილტონისათვის მოსამზადებელ და ქარიშხალი ჰელენის შედეგების აღმოსაფხვრელ სამუშაოებს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში", — განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა.
რა ვიცით
ტამპის ყურის რეგიონში, სადაც 3.3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, საუკუნეზე მეტია ასეთი ძლიერი ქარიშხალი არ ყოფილა. მილტონის ქარიშხალი მე-4-სა და მე-5 კატეგორიებს შორის მერყეობს.
ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ქარის სიჩქარეზე დაკვირვებიდან გამომდინარე, ის უკიდურესად საშიში და საგანგაშოა.
"მილტონს აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი, რომელიც კი ოდესმე ყოფილა დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში", — აღნიშნეს ექსპერტებმა.
იმ ადამიანებს, რომლებიც რეგიონს ვერ ტოვებენ, უსაფრთხო ადგილებისთვის თავის შეფარებას ურჩევენ.
ოთხშაბათს დილით ქარიშხალი ტამპას სამხრეთ-დასავლეთით იყო. ის მოძრაობდა ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქარის სიჩქარე 270კმ/სთ იყო.
ოთხშაბათს ძლიერი წვიმა სამხრეთ ფლორიდის ნაწილებში გავრცელდა და პირობების გაუარესება მოსალოდნელია მთელი დღის განმავლობაში. გადაუღებელი წვიმა კატასტროფული წყალდიდობებისა და ტორნადოების რისკებს ზრდის.
მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი შეინარჩუნებს ძალას, როდესაც ის გადაკვეთს ცენტრალურ ფლორიდას. ეს ხუთშაბათს დილით მოხდება.
სარასოტას ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსმა, სანდრა ტაპფუმანეიმ განაცხადა, რომ რეგიონში 11 სასწრაფო თავშესაფარი გაიხსნა. თავშესაფრებში იღებენ ცხოველებსაც.
მთლიანობაში, მთავრობამ სავალდებულო ევაკუაციის ბრძანებები ფლორიდის 11 ოლქში გასცა, სადაც საერთო ჯამში მოსახლეობა დაახლოებით 5.9 მილიონ ადამიანს მოიცავს.
წინასწარი შეფასებებით, ატმოსფერულმა ნალექმა 38 სანტიმეტრს, სანაპიროებზე წყლის მოდინებამ კი 5 სანტიმეტრსაც შეიძლება მიაღწიოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქარიშხლისგან დატოვებული ნარჩენების დასუფთავებას შეიძლება წლები დასჭირდეს.
სიტუაცია საგანგაშოა იმის გათვალისწინებითაც, რომ ორი კვირის წინ შტატს 2005 წელს ქარიშხალი კატრინას შემდეგ უდიდესმა შტორმმა, ჰელენმა გადაუარა და, სულ მცირე, 225 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
კომენტარები