მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში 2 მილიარდი წლის ქანის ნიმუში მოიპოვეს, რომლის შესწავლის შედეგადაც იქ ცოცხალი მიკრობები აღმოაჩინეს. ეს უძველესი მსგავსი გეოლოგიური აგრეგატია, რომელშიც აქტიურ მიკროორგანიზმებს მიაკვლიეს. აქამდე რეკორდი მხოლოდ 100 მილიონი წელი იყო, რაც უკანასკნელ მიგნებას უაღრესად მნიშვნელოვნად აქცევს.

"ამგვარი მიკრობების დნმ-ისა და გენომის გამოკვლევის გზით შესაძლოა, დედამიწაზე არსებული ადრეული სიცოცხლის ევოლუციის შესახებ მეტი გავიგოთ", — აცხადებს ტოკიოს უნივერსიტეტში მომუშავე იოჰე სუზუკი.

მან, კოლეგებთან ერთად, სამხრეთ აფრიკის ბუშველდის ვულკანურ კომპლექსში მდებარე უძველესი ქანი გააანალიზა, რომელიც მაგმის გაგრილების შედეგად წარმოიქმნა. ეს არეალი საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს და მსოფლიოში მადნით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია. ფორმირებიდან დღემდე ის თითქმის არ შეცვლილა, ამიტომ მიკრობებისთვის ხელსაყრელია.

ასეთი უძველესი ორგანიზმები ნელი მეტაბოლიზმის გამო გადარჩენას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებენ და დედამიწის ზედაპირის ქვეშ ცხოვრობენ. ისინი ევოლუციასაც ნელა განიცდიან. სპეციალისტებმა მათ ქანის 30-სანტიმეტრიან ნიმუშში მიაგნეს, რომელიც 15 მეტრი სიღრმიდან ბურღის მეშვეობით მოიპოვეს. აღმოჩნდა, რომ თიხით ამოვსებულ მის ნაპრალებში მჭიდროდ თავმოყრილი მიკრობული უჯრედები იყო.

ფოტო: Y. Suzuki

იმის დასადასტურებლად, რომ ისინი იქ ბურღის მეშვეობით გარედან არ მოხვდნენ, მეცნიერებმა მიკრობების დნმ გამოიკვლიეს და მათში არსებული ცილების დასათვალიერებლად ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდიც გამოიყენეს. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ისინი მართლაც არქაული ორგანიზმები არიან, თანაც ზოგი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ეს დედამიწის წარსულის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სიცოცხლის კვალს კაცობრიობა სხვა პლანეტებზეც ეძებს, პირველ რიგში კი მარსზე. შესაძლოა, ცოცხალი ორგანიზმები იქაც ზედაპირის ქვეშ არსებობდნენ. წითელ პლანეტაზე ქვების ნიმუშები მარსმავალმა Perseverance უკვე შეაგროვა და მათი დედამიწაზე ჩამოტანა იგეგმება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Microbial Ecology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.