FDA-მ შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტი დაუშვა
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) შიზოფრენიის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა. Cobenfy-ის სახელწოდების მქონე მედიკამენტი ორ განსხვავებულ წამალს აერთიანებს. ის სხვა ანტიფსიქოტიკებისგან განსხვავებულია და ეს დაავადების ალტერნატიული მკურნალობის საშუალებას იძლევა.
შიზოფრენია დიაგნოზია, რომელსაც ფსიქოზის გარკვეული დონე მოჰყვება. ეს შეიძლება შეიცავდეს ჰალუცინაციებსა და პარანოიას.
ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება დაინიშნოს ანტიფსიქოზური საშუალებები. როგორც წესი, შიზოფრენიის სამკურნალო მეთოდები ფოკუსირებულია დოფამინზე, ტვინში სასიცოცხლო მნიშვნელობის ნეიროტრანსმიტერზე. ფსიქოზის შემთხვევაში, შეიძლება დოფამინის დისბალანსი ხდებოდეს, ამიტომ ანტიფსიქოზური მედიკამენტები მსგავსი ბალანსის დასაბრუნებლადაა შემუშავებული.
თუმცა, ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნო გვერდითი ეფექტები და ისიც ფაქტია, რომ ასეთი მედიკამენტები ყველაზე არ მოქმედებს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები უფრო ახალი და უკეთესი მედიკამენტების შესამუშავებლად მუშაობენ.
ამ ძალისხმევის ფარგლებში, 2023 წელს, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ სტანდარტული მედიკამენტები — რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ — რეალურად მოქმედებს სრულიად განსხვავებული ტიპის ტვინის უჯრედებზე, ვიდრე ადრე ეგონათ.
"ითვლებოდა, რომ ანტიფსიქოზური პრეპარატები ძირითადად ისეთ ნეირონებზე ზემოქმედებდა, რომლებიც D2 დოფამინის რეცეპტორებს გამოხატავს. რეალურად, ამ ყველაფერს ისეთ ნეირონებზე ჰქონდა ზემოქმედება, რომლებიც D1 დოფამინის რეცეპტორებს გამოხატავს", — აღნიშნული იყო 2023 წლის კვლევაში.
ახალი მედიკამენტი ქსანომელინისა და ტროსპიუმის ქლორიდის წამლების კომბინაციაა, რომელიც ახლა ბაზარზე Cobenfy-ის სახელით გამოჩნდა. ის რეცეპტორების სხვა კლასზე, ქოლინერგულ რეცეპტორებზეა მიმართული.
"ათწლეულებია შიზოფრენიის სამკურნალო ახალი მიდგომა არ გვქონია. ეს წამალი სწორედ ასეთია, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს", — თქვა დოქტორმა ტიფანი ფარქიონემ, ფსიქიატრიის განყოფილების დირექტორმა.
მედიკამენტის მიღება კაფსულის სახით შეიძლება და ის კომპანია Bristol Myers Squibb-მა შეიმუშავა.
კლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტიანია. იმ პაციენტებს, რომლებიც მედიკამენტს იღებდნენ სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ეს მოხდა სერიოზული გვერდითი ეფექტების გარეშე. მიუხედავად ამისა, იყო გარკვეული გვერდითი ეფექტიც, რომელმაც კუჭისა და მონელების მცირე პრობლემები გააჩინა. ასევე აღნიშნულია, რომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
აშშ-ში დაახლოებით 2.8 მილიონი ადამიანი შიზოფრენიითაა დაავადებული.
"შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისთვის რთულია შესაბამისი მკურნალობისთვის მიგნება. მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტების ქონა პაციენტებსა და ჯანდაცვის პროვაიდერებს ახალ ინსტრუმენტს მისცემს. ეს ამ დაავადების სამართავად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
კომენტარები