რუსეთში Telegram, WhatsApp, Wikipedia და სხვა ვებსერვისები შეფერხებით მუშაობს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 21 აგვისტოს, რუსეთში რამდენიმე ვებსერვისმა და საიტმა მუშაობა შეწყვიტა. მათ შორისაა Telegram, WhatsApp, Skype, Wikipedia, Steam, Discord, Twitch, ВКонтакте და სხვა. პრობლემები დაფიქსირდა სატელეფონო კავშირის პროვაიდერ Rostelecom-შიც.
პირველად ხარვეზი Telegram-ისა და WhatsApp-ის მომხმარებლებმა შენიშნეს როგორც რუსეთში, ისე ყაზახეთსა და უზბეკეთში. ცნობილია, რომ პირველ აპლიკაციაში შესვლას მოსკოვიდან მხოლოდ VPN-ის მეშვეობით ახერხებდნენ.
როგორც დამოუკიდებელი მედია Meduza წერს, რუსეთის ცენზორულმა ფედერალურმა სააგენტომ Roskomnadzor ზემოხსენებული ხარვეზის მიზეზად DDoS ტიპის კიბერშეტევა დაასახელა. მათი თქმით, პრობლემები შუადღის 2 საათზე დაფიქსირდა, 3 საათზე კი სერვისების ფუნქციონირება აღდგა.
ამ ეჭვების მიუხედავად, IT ექსპერტები აცხადებენ, რომ მომხდარი თავად რუსეთის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგს უფრო ჰგავს. კერძოდ, მსგავსი რამ მაშინ ხდება, როცა სახელმწიფო ე.წ. ანტი მესენჯერის რეჟიმს ააქტიურებს. ასეთი მაგალითები დაღესტანში, იაკუტიასა და ბაშკირეთში მოსახლეობის პროტესტის დროსაც ვიხილეთ.
ვარაუდობენ, რომ რუსეთის მთავრობის მთავარი სამიზნე Telegram იყო, მაგრამ ამან სხვა სერვისებისა და საიტების მუშაობაც შეაფერხა. აღსანიშნავია, რომ ამ აპლიკაციის დაბლოკვა რუსულ ხელისუფლებას აქამდეც უცდია, კერძოდ 2018-2020 წლებში, მაგრამ უშედეგოდ, რადგან მას მაინც იყენებდნენ.
კომენტარები