რა არის მაიმუნის ყვავილი და რა სიმპტომები აქვს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში მპოქსის, იგივე მაიმუნის ყვავილის, გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა უკვე მეორედ გამოაცხადა.
ათწლეულების განმავლობაში დაავადება მხოლოდ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდებოდა, თუმცა 2022 წელს მისი გავრცელება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც დაიწყო. WHO-მ მპოქსის გამო საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის ივლისშიც გამოაცხადა.
რა არის მპოქსი?
მაიმუნის ყვავილი პოქსვირუსია, რომელიც პირველად დანიაში აღმოაჩინეს. კერძოდ, იგი აფრიკიდან 1950-იან წლებში ჩამოყვანილ მაიმუნებს გამოუვლინდათ.
თავიდან მიიჩნეოდა, რომ ვირუსი მხოლოდ მაიმუნებს ასნებოვნებდა, თუმცა 1970-იან წლებში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იგი ადამიანებშიც დაფიქსირდა. ვირუსი ინფიცირებულმა ცხოველებმა — მაიმუნებმა თუ პატარა მღრღნელებმა — გადაიტანეს ადამიანებზე და სახელწოდება მაიმუნის ყვავილიც სწორედ აქედან მომდინარეობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სტიგმის შემცირების მიზნით ვირუსისთვის წარსულში სახელის შეცვლის ინიციატივა გამოთქვა; მას შემდეგ მაიმუნის ყვავილს მპოქსსაც უწოდებენ.
მაიმუნის ყვავილი სხვა პოქსვირუსების მონათესავეა, მათ შორის ძროხის ყვავილისა და უკვე მოსპობილი ყვავილის. ამას ჩუტყვავილასთან არაფერი აქვს საერთო, გარდა ინფექციის ზოგიერთი სიმპტომისა.
გენეტიკურად მპოქსი ორ მთავარ "განშტოებად" იყოფა. ერთს I კლადი ჰქვია, მეორეს კი — II კლადი. პირველი კლადით ინფიცირებისას სიკვდილის შანსი 10%-ია; მეორე კლადს, რომელიც გაცილებით დიდი გეოგრაფიულ არეალზეა გავრცელებული, სიკვდილიანობის ბევრად დაბალი, ერთპროცენტიანი, რისკი ახასიათებს.
პირველი კლადის ვირუსები, როგორც წესი, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გავრცელებული. ნიმუშებში მას გაცილებით იშვიათად აღმოაჩენენ ხოლმე, ვიდრე მეორე კლადის შემთხვევაში. ორივე მათგანი ერთნაირად გადადის: ეს შეიძლება მოხდეს როგორც შეხებით, კოცნითა თუ სქესობრივი კონტაქტით, ასევე ვირუსით დაბინძურებული საგნებიდანაც (თეთრეული, ტანისამოსი, ნემსები და ა. შ.). შესაძლებელია ცხოველიდან ადამიანზე გადადებაც.
ტესტის გაკეთება საჭიროა ყველასთვის, ვისაც მპოქსის სიმპტომები აქვს ანდა ახლო კონტაქტი ჰქონდა დადასტურებული დიაგნოზის მქონე ადამიანთან.
რა სიმპტომები აქვს მპოქსს?
საწყის ეტაპზე სიმპტომები არც ისე მკაფიოა. ვითარდება ხოლმე: დაღლილობა, კიდურების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, რესპირატორული სიმპტომები და გამონაყარი.
მპოქსს სხვა ვირუსული დაავადებებისგან სწორედ გამონაყარი განასხვავებს, რომელიც შეიძლება ქავილსა და ტკივილს იწვევდეს; ეს გამონაყარი სწრაფადვე გარდაიქმნება სითხიან ბუშტუკებად, შემდეგ კი სკდება და ფუფხად გადაიქცევა.
ბუშტუკებში არსებული სითხის გავლით, შესაძლოა, დაავადება სხვებსაც გადაედოთ, მაგალითად, ინფიცირებულის პირსახოცის ანდა კბილის ჯაგრისის გამოყენებით. ზოგ ადამიანს ძალიან ცოტა ბუშტუკი აქვს, ამიტომ, შესაძლოა, ისინი რთულად შესამჩნევი იყოს; გააჩნია იმასაც, თუ რა ადგილზეა გამონაყარი. ზოგს სიმპტომები საერთოდ არ უვითარდება.
ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც წესი, უბრალოდ მხარდაჭერას მოიცავს — პაციენტებს დასვენებას, საკმარისი წყლისა და საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლების მიღებას ურჩევენ. ჰოსპიტალიზებულ ადამიანებს, რომელთაც დაავადება რთულ ფორმებში აქვთ, ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ და დაკვირვების ქვეშ ჰყავთ.
რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის გავრცელების შესახებ
ინფიცირებულთა ძველი ნიმუშების გენეტიკური ანალიზით დადგენილია, რომ მაიმუნის ყვავილის აფეთქებას ნიგერიაში დაიწყო 2016 წლისთვის. იგი ბევრ ადამიანს გადაედო და თანდათან აფრიკის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მეტიც, მაიმუნის ყვავილი აფრიკის კონტინენტსაც გასცდა და მას შემდეგ არაერთ სახელმწიფოში დაფიქსირდა, მათ შორის საქართველოშიც 2022 წელს (აღნიშნულ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ორი ადამიანი დაინფიცირდა). ამ აფეთქებისას ვირუსის II კლადი ვრცელდებოდა.
2022 წლის ივლისში WHO-მ მპოქსი საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. მას შემდეგ 2024 წლის 27 ივნისამდე პერიოდში ვირუსმა სულ 97 745 ადამიანი დააავადა.
ასევე იხილეთ: მაიმუნის ყვავილმა უკვე 100 000 ადამიანი დააინფიცირა — რა უნდა ვიცოდეთ
Africa CDC-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე აფრიკის 13 სახელმწიფოში ვირუსის 17 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, 500 ადამიანი კი დაიხოცა. ყველაზე მეტი, ანუ 14 ათასი, ადამიანი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაინფიცირდა. ამ სახელმწიფოშივე გვხვდება ამ თვეში დაფიქსირებულ შემთხვევათა 96%.
ვირუსის პირველი აფეთქების შემდეგ მეცნიერებმა რამდენიმე უსიამოვნო რამ აღმოაჩინეს. პირველ რიგში, მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ადამიანზე უკვე იოლად გადადის, მეცნიერებმა კი ზუსტად არ იციან, რატომ.
ამას გარდა, ვინაიდან ვირუსის გადადება არ წყდება, იგი მუტაციებს სწრაფად განიცდის; უკვე დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ორი კლადი, Ib და IIb კლადები, ანუ ერთგვარი განშტოებები.
WHO-მ 2024 წლის აგვისტოში მპოქსთან დაკავშირებით საგანგებო კომიტეტი მოიწვია, რადგან ვირუსის მეტად მომაკვდინებელი შტამი, Ib კლადი, აფრიკის 4 სხვა პროვინციაშიც გავრცელდა. იგი აქამდე მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო მოდებული. 15 აგვისტოს შევიტყვეთ ისიც, რომ ევროპაში, შვედეთში, მპოქსის Ib კლადით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
WHO-მ გლობალური საგანგებო მდგომარეობა უკვე მეორედ გამოაცხადა 2024 წლის აგვისტოში.
იხილეთ: WHO: მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ლიცენზირებული ვაქცინა, რომლითაც მაიმუნის ყვავილის პრევენცია მოხერხდება, თუმცა WHO-მ ლიცენზირების საკითხზე უკვე დაიწყო მუშაობა. არ გვაქვს არც სპეციალური ანტივირუსული მედიკამენტებიც რისკჯგუფების სამკურნალოდ.
რა იქნება შემდეგ?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სააგენტოებმა მეტი ისაუბრონ ვირუსის გადადების, ტესტირების ხელმისაწვდომობისა და რისკჯგუფების დაცვის შესახებ. HIV/ AIDS-ის კრიზისის შემთხვევაში, აქაც საჭიროა, რომ სტიგმის შემცირებაზე ვიზრუნოთ.
ამას გარდა, საჭიროა სპეციალური ვაქცინა, რომელიც ახალი ინფექციებისგან დაგვიცავს. ცნობისთვის, mRNA ვაქცინის ერთ-ერთ ვარიანტზე უკვე ტარდება კლინიკური ცდები. საჭიროა უკეთესი მკურნალობის დაგეგმვა მათთვის, ვისაც დაავადება რთულ ფორმებში აქვს.
მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ რატომ მოგვადგა კარს მსგავსი ვირუსი. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისაა, რომ ყვავილის ვაქცინა, რომელსაც რუტინულად ბოლოს 40 წლის წინ იყენებდნენ, ორგანიზმს მპოქსისგანაც იცავს. ვინაიდან ბოლო დროს მეტი ადამიანია აუცრელი მონათესავე ყვავილის მიმართ, მპოქსი ახლა დაუბრკოლებლად ვრცელდება.
ყვავილი, მარტივად გადამდები ლეტალური ინფექცია, ვაქცინაციის კამპანიის წყალობით 1980-იანი წლების დასაწყისში მოსპეს. კამპანია იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ყველას აცრა აღარაა საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინების სათადარიგო მარაგი შედარებით მცირეა და წარმოების გაფართოებას დრო დასჭირდება.
მაშასადამე, მაიმუნის ყვავილის გავრცელება მაქსიმალურად უნდა შევაფერხოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ მპოქსის ვაქცინები ხელმისაწვდომი იყოს. შემუშავებულია რეგიონული მოქმედების გეგმაც, რომლის აღსრულებასაც $15 მილიონი სჭირდება. ამ ეტაპისთვის WHO-ს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის განკუთვნილი რეზერვიდან $1.45 მილიონი გამოიყო.
კომენტარები