ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში მპოქსის, იგივე მაიმუნის ყვავილის, გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ 14 აგვისტოს შევიტყვეთ.

WHO-მ მპოქსთან დაკავშირებით საგანგებო კომიტეტი მოიწვია, რადგან ვირუსის მეტად მომაკვდინებელი შტამი, Ib კლადი, აფრიკის 4 სხვა პროვინციაშიც გავრცელდა. იგი აქამდე მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო მოდებული.

იხილეთ: რა არის მპოქსი, რა სიმპტომები აქვს და რატომ უნდა გვაღელვებდეს მისი გავრცელება

კომიტეტის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა WHO-ს გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეიესუსს, კონსულტაცია გაუწიეს და სიტუაციის სერიოზულობა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გვაუწყა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ჯანდაცვის საერთაშორისო კანონმდებლობით ყველაზე სერიოზული გაფრთხილებაა.

ამ სტატუსს, რომელსაც PHEIC-საც უწოდებენ, WHO მხოლოდ "ექსტრაორდინალური მოვლენების" შემთხვევაში გასცემს, რომლებიც ფართო გავრცელების გზით სხვა ქვეყნებსაც უქმნის საფრთხეს. ორგანიზაციის განცხადებით, მპოქსის გამო, შესაძლოა, კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება გახდეს საჭირო.

წინა დღით აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (Africa CDC) კონტინენტური უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სააგენტომ თავისი ფუნქციონირების პერიოდში (იგი 2017 წელს ამუშავდა) ეს პირველად გააკეთა.

Africa CDC-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე აფრიკის 13 სახელმწიფოში ვირუსის 17 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, 500 ადამიანი კი დაიხოცა. ყველაზე მეტი, ანუ 14 ათასი, შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. ამ სახელმწიფოშივე გვხვდება ამ თვეში დაფიქსირებულ შემთხვევათა 96%.

///

WHO-ს მიხედვით, მპოქსი, იგივე მაიმუნის ყვავილი, ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებში მარტივად ვრცელდება. ეს შეიძლება მოხდეს როგორც შეხებით, კოცნითა თუ სქესობრივი კონტაქტით, ასევე ვირუსით დაბინძურებული საგნებიდანაც (თეთრეული, ტანისამოსი, ნემსები და ა. შ.). დაავადება არაერთი სიმპტომით ვლინდება, რომელთა შორისაა: მაღალი ტემპერატურა; მტკივნეული გამონაყარი; კუნთების, ზურგისა და თავის ტკივილი; სისუსტე; ლიმფური კვანძების გადიდება.

ათწლეულების განმავლობაში დაავადება მხოლოდ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდებოდა, თუმცა 2022 წელს მისი გავრცელება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც დაიწყო. WHO-მ მპოქსის გამო საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის ივლისშიც გამოაცხადა. იგი 2023 წლის მაისში დასრულდა.

WHO-ს წარმომადგენლებმა წარსულში განაცხადეს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება შესაძლებელია ზუსტი, მიზანმიმართული მოქმედებებით. ორგანიზაცია ამჟამად საერთაშორისო ჩართულობას მოითხოვს ფინანსური და ორგანიზაციული თვალსაზრისით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ მპოქსის ვაქცინები ხელმისაწვდომი იყოს. შემუშავებულია რეგიონული მოქმედების გეგმაც, რომლის აღსრულებასაც $15 მილიონი სჭირდება. ამ ეტაპისთვის WHO-ს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის განკუთვნილი რეზერვიდან $1.45 მილიონი გამოიყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.