Baltictech-ის მყვინთავებმა ბალტიის ზღვაში, შვედეთის სანაპიროს მიმდებარედ, 170 წლის წინ ჩაძირული გემის ნამტვრევები აღმოაჩინეს. იქ, კუნძულ ელანდიდან 37 კილომეტრით სამხრეთით, ევროპის უმაღლესი ხარისხის დაახლოებით 100 ბოთლ შამპანურსა და მინერალურ წყალსაც მიაგნეს.

"მთლიანი ნამტვრევები შამპანურისა და მინერალური წყლის ყუთებითაა სავსე, ასევე ფაიფურით. 40 წელია, დაივინგით ვარ დაკავებული და ერთი ან ორი ბოთლი ხშირად მხვდება ხოლმე, მაგრამ ამ რაოდენობის ტვირთს პირველად გადავაწყდი", — აცხადებს მყვინთავი ტომაშ სტახურა.

ფოტო: Tomasz Stachura/Baltictech

რეალურად, შამპანურზე მეტად ისტორიული მნიშვნელობა მინერალურ წყალს აქვს, რადგან XIX საუკუნის ევროპის მდიდარ და ცნობილ ოჯახებში ის თერაპიული სარგებლის გამო ძალიან პოპულარული იყო. ამ სასმელს სპეციალურ დალუქულ ბოთლებში ინახავდნენ, რომელსაც დამღაც ჰქონდა დასმული, ეს კი გემის წარმომავლობის გასარკვევად ღირებული ინფორმაციაა.

შტამპის ფორმა მიანიშნებს, რომ ბოთლები 1850-67 წლებს შორის პერიოდისაა და გერმანული კომპანია Selters-ის მიერაა წარმოებული. მისი მინერალური წყალი ტაუნუსის მთებში მოიპოვება (ფრანკფურტის ჩრდილოეთით). ეს ბრენდი დღესაც არსებობს.

ფოტო: Tomasz Stachura/Baltictech

დადგინდა ისიც, რომ ნამტვრევებში ნაპოვნი ფაიფური იმ კერამიკული საწარმოს მიერაა შექმნილი, რომელიც ამ დრომდე ფუნქციონირებს. გუნდმა ახალი აღმოჩენის შესახებ შვედეთის რეგიონული ოფიციალური პირები უკვე გააფრთხილა და მეცნიერებთან ერთად ნამტვრევებთან დაბრუნებას აპირებს.

ბოთლები ჯერ კიდევ ფსკერზეა, რადგან მათ ამოღებაში სპეციალისტებს გარკვეული ადმინისტრაციული შეზღუდვები უშლის ხელს.

"უკვე 170 წელია, ისინი იქაა და დაყოვნება კიდევ ერთი წელიც მოგვიწევს, რათა ექსპედიციისთვის უკეთ მოსამზადებლად დრო გვქონდეს", — ამბობს სტახურა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.